გასაგებია, რომ ოპოზიციას მარცხთან შეგუება უჭირს, მაგრამ რა ვქნათ, დემოკრატიის წესი ასეთია - ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილი

არჩევნებს როცა აგებ, რაც არ უნდა გიჭირდეს, ამას უნდა შეეგუო, ეს არის ევროპულობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ არჩევნებს არანაირი შედეგი არ ექნება.

„ოპოზიცია დამარცხდა. უცხოეთიდანაც დიდი ძალისხმევა იყო ჩადებული, რომ ოპოზიციისთვის რაღაცნაირად წარმატების საშუალება მიეცათ, მაგრამ დამარცხდნენ და ამ მარცხის მშვიდად გადაყლაპვა უჭირთ. ბუნებრივია, მიტინგი დასჭირდებათ ისევე, როგორც ცოტახანი აქციების გამართვა, რათა თავი იმართლონ, რომ ბრძოლას აგრძელებენ. ქართულ პოლიტიკაში ასეთი ისტორია პირველი არ არის, სერიალივით არის, რომელსაც ცოტახანი ვუყურებთ. არჩევანი გაკეთებულია, ქვეყანა მუშაობს, რომელსაც უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა აქვს. ეს მიტინგები ვერაფერს შეცვლის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.