გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, რაიმე კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ - პროკურატურაში ბიძინა გიორგობიანის გამოკითხვა 4 საათს გაგრძელდა

ბიძინა გიორგობიანი

საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე, პროკურატურაში "ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ბიძინა გიორგობიანი გამოიკითხა. ბიძინა გიორგობიანის გამოკითხვა 4 საათს გაგრძელდა. მან ჩვენება გუშინაც მისცა.

"საქმე არის ძალიან მოცულობითი - ეს არ არის რაღაც ერთი კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი, არამედ ძალიან დიდ პროცესს მოიცავს ეს - კითხვა არის ბევრი, ჩვენ გვაქვს ყველა კითხვაზე არგუმენტები და პასუხები. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, რაიმე კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ," - აცხადებს ბიძინა გიორგობიანი.

"ერთიანი ნეიტრალური მოძრაობის" მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ გამოძიება 8 თებერვალს დაიწყო. გამოძიების შეკითხვებს უკვე უპასუხა საჩივრის სამმა ავტორმა.