გამოაშკარავებულია მთლიანად საია-ს ტყუილები. მათ ჰქონდათ სურვილი, რომ საზოგადოებისთვის დაემალათ რა არის სიმართლე - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

საია-ს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში და სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ორგანიზაციამ დამალა - კიდევ ერთი თემა, რომელიც თბილისში ისევ პოლიტიკური დისკუსიის საგანია. სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნების ნაწილი დაუშვებლად ცნო.

მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა კიდევ ერთ მოთხოვნაზე, რომელიც დროებითი ღონისძიების სახით არჩევნების შედეგების გაუქმებას ეხებოდა. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაერთიანებულ საჩივრებს, სასამართლოში საია კურირებს. საქმეს სტრასბურგმა პრიორიტეტი არ მიანიჭა და პროცედურა სტანდარტულად, დაჩქარების გარეშე მიმდინარეობს. სასამართლოს მხრიდან უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებზე ორგანიზაცია არ საუბრობს, ამტკიცებს, რომ მსგავსი მოთხოვნა მათ არ ჰქონიათ.

მმართველი გუნდი კი ენჯეო სექტორის ცრუ კამპანიაზე მიუთითებს, რომლის მიზანიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.

"გამოაშკარავებულია მთლიანად საია-ს ტყუილები. მათ ჰქონდათ სურვილი, რომ საზოგადოებისთვის დაემალათ ის, რაც არის სიმართლე, რომ სტრასბურგის სასამართლომ არ მიიღო იმ სარჩელის დიდი ნაწილი, რომელიც მათ დააყენეს. ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ სასამართლოს უფრო მეტი კითხვა გაუჩნდა მოსარჩელის მიმართ იმ მოცემულობასთან დაკავშირებით, რომ პირველი, აქვს თუ არა საია-ს უფლება იყოს მოსარჩელე. ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს და ყველას პასუხი გაეცეს, ყველა იმ ძალას, რომელიც ცდილობს ტყუილებით კვებოს თავის მომხრე იქნება ეს თუ პოლიტიკურ ასპარეზზე საკუთარი სურვილების განაღდებისთვის გადადგმული ნაბიჯები, ყველა ამ კითხვას ბოლომდე გაეცეს პასუხი", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.