„გახარია ყოველთვის აიწონა-დაიწონას თამაშობდა, თან ვითომ აქციაზე იყო, თან არ იყო, ახლა „ზუმით“ მოძღვრავს ქართველ ერს“ - ლევან სანიკიძე

ლევან სანიკიძე

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან სანიკიძემ გადაცემა "ღამის კურიერში" 4 ოქტომბერს დაგეგმილი აქციისა და ოპოზიციური პარტიების ნაწილის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

"4 ოქტომბერს "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის მთავარი მიზანი არის ის, რომ საკუთარი მხარდამჭერების მოტივირება მოახდინოს, რომ ძალიან ბევრნი ვყოთ. უფრო და უფრო მეტი ადამიანი დავარწმუნოთ, რომ 4 ოქტომბერი გვეკუთვნის ჩვენ, ქართველ ხალხს და არა რომელიმე ოპოზიციურ პარტიას. დიახ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იქნება სრულფასოვნად წარმოდგენილი 4 ოქტომბერს. შევეცდები მსუბუქად შევაფასო ოპოზიციური ძალები, რომლებიც, ჩემი ღრმა რწმენით, ნებსით თუ უნებლიედ არიან ივანიშვილის თამაშში შესულნი... ვთვლიდი, რომ მათ ამ მომენტამდე ჰქონდათ შანსი გასულიყვნენ ამ რუსული სპეცოპერაციიდან. სამწუხაროდ, ისინი ბოლომდე ჩაჰყვნენ ივანიშვილს ამ თამაშში. ჩვენი დღის წესრიგია, რომ 4 ოქტომბერს, მთელი მსოფლიო უნდა დააკვირდეს რუსთველის გამზირს. "ლელომ" და გახარიამ ჩათვალეს, რომ ქართველი ხალხი გატყდა. განსაკუთრებით "ლელო", რადგან გახარია ყოველთვის აიწონა-დაიწონას თამაშობდა - თან ვითომ აქციაზე იყო, თან არ იყო, ეგეთი კაცი იყო და ახლა "ზუმით" მოძღვრავს ქართველ ერს. ფსევდო ბრძოლას მე მეძახიან და ჩემ თანაგუნდელებს, რომლებსაც ვის რას უზამენ,ამ ქვეყანაში, ღმერთმა უწყის.

თურმე საკრებულო პოლიტიკური ორგანო არ ყოფილა და შეიძლება შელაგდნენ. ეგრე არ არის. 4 ოქტომბერი ამიტომ არის მნიშვნელოვანი თარიღი, რომ ასეთი ნარატივის მქონე ადამიანებისთვისაც გზა ჩაიხერგოს, რომელიც ამბობს, რომ კი, ივანიშვილი რასაც დამიწერს იმას მივიღებ და გამოვიყენებ. ეგრე არ გამოვა, ჩვენ ჩვენი უნდა გავაკეთოთ, ვისია ეს ქვეყანა უნდა გაირკვეს", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.