ტრაგედია გლდანში - 5 წლამდე ბავშვი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა
1761070653
პარლამენტში შემოსვლასთან დაკავშირებით, როგორც იცით, მივიღეთ გადაწყვეტილება. შემდეგი კვირა სასესიოა და აქ ტექნიკურ საკითხებზე მოვედით, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, შალვა კერესელიძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კითხვაზე, „ლეგიტიმურია თუ არა პარლამენტი?“, კერესელიძემ აღნიშნა, რომ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს.
„სამწუხაროა, რომ ამ პარლამენტში ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ ჩვენ ვიქნებით. მნიშვნელობა აღარ აქვს, ლეგიტიმურია თუ არა პარლამენტი. ფაქტი სახეზეა – ხელისუფლებას „ქართული ოცნება“ მართავს, იღებენ კანონებს, გადაწყვეტილებებს პარლამენტშიც, მთავრობაშიც, სასამართლოშიც. ვისაც როგორ უნდა, ისე დაარქვას. მე ისე ვარქმევ, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ ვაძლევთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქმე არ გავაკეთოთ, არ ვიმუშაოთ ქვეყნისა და ხალხისთვის. ეს გადაწყვეტილებაც სწორედ ამიტომ მივიღეთ და არა პირადი, პარტიული ინტერესების გამო. ეს იყო მძიმე გადაწყვეტილება და მზად ვიყავით მხოლოდ ხალხის, ქვეყნის ინტერესების გამო. არაერთხელ ვთქვი, რომ არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, ლეგიტიმურია თუ არა პარლამენტი. ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ ვაძლევთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ შემოვდივართ, რადგან პოლიტიკური პროცესები, პრაქტიკულად, გაჩერდა. ყოველ შემთხვევაში, ამ გაჩერებულ მდგომარეობაში აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. საქმიანი ოპოზიცია ვიქნებით, რაც გამოიხატება ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღებაში. ერთი ოპოზიციური, განსხვავებული ხმა მაინც იქნება პარლამენტში. „ნაციონალური მოძრაობა“ ბევრ რამეს არასწორად აფასებს და არასწორად მოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მათ შორის, ერთ-ერთი იყო 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება. 4 ოქტომბერი საფუძველი იყო იმის, რაც ქვეყანაში ხდება, რადგან გადატრიალებები, რევოლუციები და ხელისუფლების დამხობები ქვეყანას გავლილი აქვს, თან მწარედ. ხელისუფლების ასეთი ფორმით ცვლილება კატეგორიულად მიუღებელია. ვემხრობით მხოლოდ ხელისუფლების დემოკრატიული გზით ცვლილებას. ასეც მოხდება“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის იმ 12 წევრს შორისაა, რომლებიც პარლამენტში შევლენ. შალვა კერესელიძე დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდა. შეხვედრის თემა პარტიის საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტა და ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები იყო.