გაგვითენდა „ამერიკული“ 5 ნოემბერი და ამოქმედდება თუ არა წელს ე.წ. „აჯანყების აქტი“ - სულ ახლო მომავალში შევიტყობთ - დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ამერიკაში მოქმედ „აჯანყების აქტს“ აფასებს.

ანალიტიკოსი წერს, რომ ე.წ. „აჯანყების აქტი“ აშშ-ში რამდენჯერმე იყო გამოყენებული და ის გულისხმობს, რომ პრეზიდენტს აქვს უფლება გამოიყენოს სამხედრო ძალები აჯანყებების ჩასახშობად, როცა ადგილობრივი ხელისუფლება ვეღარ უმკლავდება სიტუაციას.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ანალიტიკოსმა რამდენიმე ცნობილი მოვლენა გაიხსენა, როდესაც ე.წ. „აჯანყების აქტი“ იქნა გამოყენებული.

დავით ქართველიშვილის თქმით, ვინაიდან უკვე გაჟღერებულია აშშ-ში მოსალოდნელი არეულობები, მალე გახდება ცნობილი დადგება თუ არა წელს „აჯანყების აქტის“ გამოყენების აუცილებლობა ამერიკაში.

„გაგვითენდა „ამერიკული“ 5 ნოემბერი და ვინაიდან უკვე გაჟღერდა მოსალოდნელი (თუ დაგეგმილი?) არეულობის დამხობის მიზნით ე.წ. „აჯანყების აქტის“ (Insurrection Act) გამოყენების ალბათობა, გავიხსენოთ - რას წარმოადგენს იგი, და რამდენჯერ იყო ამოქმედებული.

შეერთებულ შტატებში, „აჯანყების აქტი“ (Insurrection Act) არის 1807 წელს მიღებული კანონი, რომელიც საშუალებას აძლევს პრეზიდენტს გამოიყენოს სამხედრო ძალები (თანამედროვე პირობებში - ავიაცია, არტილერია, მძიმე ჯავშანტექნიკა და ა.შ.) საშინაო არეულობებისა და აჯანყებების ჩასახშობად, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლება ვერ უმკლავდება ამას. ეს კანონი იშვიათად გამოიყენებოდა, მაგრამ იყო მისი გამოყენების რამდენიმე ცნობილი შემთხვევა:

ინდიელებთან ომები (1830-იანი წლები) - პრეზიდენტმა ენდრიუ ჯექსონმა გამოიყენა იგი სამხრეთ-აღმოსავლეთ შეერთებულ შტატებში ადგილობრივ ინდიელთა ტომებთან კონფლიქტების დასამშვიდებლად.

სამოქალაქო ომი (1861-1865) - აქტი გამოიყენა აბრაამ ლინკოლნმა ამერიკის კონფედერაციული შტატების აჯანყების ჩასახშობად.

სამხრეთის რეკონსტრუქციის დასასრული (1870-იანი წლები) - აქტი გამოიყენებოდა რასობრივი არეულობების ჩასახშობად და შეერთებული შტატების სამხრეთში აფროამერიკელების დასაცავად.

ბრძოლა სამოქალაქო უფლებებისთვის (1950-იანი და 1960-იანი წლები) - პრეზიდენტებმა დუაიტ ეიზენჰაუერმა, ჯონ კენედიმ და ლინდონ ჯონსონმა გამოიყენეს ეს კანონი მოქალაქეთა უფლებების გაუმჯობესების მიზნით, განსაკუთრებით სკოლაში ინტეგრაციისა და რასობრივი არეულობების ჩასახშობად. მაგალითად, ეიზენჰაუერმა გაგზავნა ჯარები არკანზასში, ლიტლ-როკში, რათა განეხორციელებინა სასკოლო ინტეგრაცია 1957 წელს.

არეულობა და პროტესტი (1989–1992) - 1992 წელს, როდნი კინგის პოლიციური გამოძიების და შემდგომი ლოს-ანჯელესის არეულობის შემდეგ, პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გამოიყენა აჯანყების აქტი წესრიგის აღსადგენად.

აქტის გამოყენების მცდელობას ადგილი ჰქონდა 2020 წელს - პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განიხილა მისი გამოყენების შესაძლებლობა ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ შეერთებულ შტატებში აგორებული BLM-ის პროტესტის ჩასახშობად, მაგრამ საბოლოოდ ის ოფიციალურად არ გამოიყენა.

ექნება თუ არა წელს ამ საკანონმდებლო ნორმის ამოქმედებას ადგილი - სულ ახლო მომავალში შევიტყობთ,“- წერს დავით ქართველიშვილი.