გაერო-ს უფლებათა საბჭოში გაკეთებულ განცხადებებში, კვლავ გვხვდება საქართველოს შესახებ არასწორი ნარატივები, მსგავსი შეფასებები რეალობას ამახინჯებს - რევაზ ლომინაძე

რევაზ ლომინაძე

უარგუმენტო კრიტიკა, ორმაგი სტანდარტი და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა, ასე აფასებს მმართველი გუნდი გაეროში ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებას, რომელმაც საქართველოს მოუწოდა გააუქმოს ან გადახედოს ბოლოს მიღებულ კანონებს.

ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებას შალვა პაპუაშვილი დეზინფორმაციის შემცველს უწოდებს. პარლამენტის თავმჯდომარე წერს რომ, ბრიუსელი თვითნებური დაკავებებისა და რეპრესიების შესახებ უკვე გაცვეთილ სიცრუეს იმეორებს. პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის ოფიციალური პირების განცხადებები სრულ წინააღმდეგობაში მოდის არა მხოლოდ ფაქტებთან, არამედ თავად ევროკავშირის მიერ აღიარებულ ღირებულებებთან. შეფასებები კეთდება ოპოზიცურ პარტიებშიც.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში რევაზ ლომინაძე აცხადებს, რომ საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან კონსტრუქციული თანამშრომლობისა და გამჭვირვალე, ფაქტებზე დაფუძნებული კომუნიკაციის ერთგულია.

"სამწუხაროდ, ამ საბჭოში გაკეთებულ განცხადებებში, კვლავ გვხვდება საქართველოს შესახებ არასწორი ნარატივები. მსგავსი შეფასებები რეალობას ამახინჯებს, ვინაიდან სათანადოდ არ ასახავს საქართველოს მიერ მიღწეულ საერთაშორისო დონეზე აღიარებულ პროგრესს ისეთ სფეროებში, როგორიცაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, გამჭვირვალობა, ღია მმართველობა და კანონის უზენაესობა.

საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან კონსტრუქციული თანამშრომლობისა და გამჭვირვალე, ფაქტებზე დაფუძნებული კომუნიკაციის ერთგულია და მზად არის შინაარსიანი დიალოგისთვის", - აცხადებს რევაზ ლომინაძე.