ფაქტია, რომ მედიკამენტებზე დაწესებულმა რეფერენტულმა ფასებმა იმუშავა - მიხეილ სარჯველაძე

სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, დეპუტატების კითხვებს უპასუხა. მინისტრობის კანდიდატმა, სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები, მათ შორის მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესების რეფორმა და მისი შედეგები შეაჯამა.

„ბუნებრივია, იყო არაერთგვაროვანი გამოხმაურებები, მაგრამ მთლიანობაში, რეფორმამ აჩვენა, რომ იხარჯებოდა იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე საჭირო იყო, პაციენტების უზრუნველსაყოფად. ფაქტია, რომ რეფერენტულმა ფასებმა იმუშავა. საზოგადოებაც რომ არ დავაბნიოთ და მარტივად მივაწოდოთ ინფორმაცია – რეფერენტული ფასის არსი არის, რომ ვნახულობთ სხვადასხვა, დაახლოებით, ჩვენი ზომის სახელმწიფოებში, რა ღირს იგივე მედიკამენტი, გასაშუალოებულ მაჩვენებელს ვაწესებთ ზღვრული მოცულობის სახით და ვამბობთ, რომ თუ კი ჩვენნაირი ზომის სახელმწიფოში, ევროპულ სახელმწიფოებში, არის ეს ფასი, ჩვენთანაც სასურველია იყოს იგივე, რა თქმა უნდა, ცალკეული სპეციფიკის მხედველობაში მიღებით. ამიტომ, რა თქმა უნდა ეს სამართლიანია და რა თქმა უნდა, რომ ეს პოლიტიკა გაგრძელდება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ დღეისთვის, სახელმწიფოს 7000-ზე მეტ მედიკამენტზე აქვს განსაზღვრული ფასის ზედა ზღვარი, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აკრძალულია. მისივე თქმით, განსაზღვრული ფასები ინფლაციისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ყოველწლიურ გადახედვას ექვემდებარება.

„რაც შეეხება გაგრძელებას ამ მიმართულებით, დიახ, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ეს პროგრამაც და დღეს, თუ 7 000 მედიკამენტზეა რეფერენტული ფასი განსაზღვრული, ხვალ გახდება 8 000 და ა.შ. ამავე დროს, აქ შერჩევის პროცესიც ძალიან მნიშვნელოვანია. არ გვინდა, ზედმეტად ჩავერიოთ, ამ შემთხვევაში, საბაზრო პირობებში და ზედმეტად ვარეგულიროთ, თუმცა მედიკამენტები ნამდვილად არის ის სფერო, სადაც გამართლებულია, სახელმწიფო იყოს მარეგულირებელი ფუნქციით აქტიურად შესული ბაზარზე, სხვაგვარად წარმოუდგენელია. ეს არის ის სფერო, სადაც აბსოლუტურად ლეგიტიმურია, რომ რეგულაციები იყოს, რაც შეიძლება მკაფიოც, ცხადიც და იმავდროულად – სამართლიანიც. მხოლოდ ბაზრის იმედად, რა თქმა უნდა, ამ სფეროს ვერ დავტოვებთ, იმიტომ, რომ ამას საქართველოში არც მაინცდამაინც ბევრი სიკეთე მოუტანია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.