ფაქტია, არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, სიძულვილი და ტერორი, განსაკუთრებით ბავშვების მიმართ ძალადობა, ნორმად აქციონ - რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

ფაქტია, არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, სიძულვილი და ტერორი, განსაკუთრებით ბავშვების მიმართ ძალადობა, ნორმად აქციონ, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

იგი ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც რადიკალური ჯგუფების წინააღმდეგ ზიზღის და სიძულვილის კამპანიაზე სამართლებრივ დავის დაწყებას ითვალისწინებს.

„ჩვენი ვალდებულებაა, რომ ამას პროპორციულად დავუპირისპირდეთ და ნებისმიერ ასეთ შემთხვევაზე გვქონდეს შესაბამისი რეაგირება, რომელსაც სამართლებრივი შეფასებაც უნდა მოჰყვეს. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს, რომ არა მარტო პოლიტიკური ველი, არამედ საზოგადოება გაიწმინდოს სწორედ სიძულვილის ტირაჟირებისა და პროპაგანდისგან, რომელიც ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, წახალისებულია სხვადასხვა საერთაშორისო ფონდებისა თუ გარე ძალების მხრიდან“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათი ფრაქციის წევრთა წინააღმდეგ, გარედან დაფინანსებული სიძულვილის ენის კამპანიის საპასუხოდ, იწყებენ სამართლებრივ დავას და შემდგომი რეაგირებისთვის საჩივრით მიმართავენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.