ევროსაბჭოს სხდომაზე მოუსმინონ ბოკუჩავებს, სამადაშვილებს და ატყუონ ერთმანეთი, ამ ლიდერებთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს, ჩვენს ქვეყანას სადაც ულტიმატუმებით ელაპარაკებიან, იქ ჩვენი ადგილი არ არის - ირაკლი ზარქუა

პოლტიკა

ევროსაბჭოში ჯერ კიდევ წინა ვიზიტის დროს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა პროტესტის ნიშნად დავტოვეთ. იქ, სადაც საქართველოს და ქართულ სახელმწიფოს ულტიმატუმებით ელაპარაკებიან, თან უსამართლოდ, ყოველგვარი უფლებების დარღვევით, ბუნებრივია, ჩვენი ადგილი არ არის. ჩვენ ვრჩებით ევროსაბჭოს წევრად, თუმცა ამ ტონალობაში ულტიმატუმებით საუბარს არავის გავუტარებთ, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ სტრასბურგში დღეს დაგეგმილ დებატებთან დაკავშირებით განაცხადა.

ზარქუას თქმით, დღეს საქართველო სულ სხვა ქვეყანაა.

„ეს არ არის მონების ქვეყანა, აგენტურა რომ მართავდა სააკაშვილის რეჟიმის სახით. დღეს, როგორც არასდროს, არის დამოუკიდებელი და თავისუფალი. ამ ქვეყანას პატრიოტი ხალხი მართავს და ჩვენ არავის მივცემთ უფლებას და არ გავუტარებთ ულტიმატუმებით უსამართლო მოქცევას. დღეს ევროსაბჭოს სხდომაზე მოუსმინონ ბოკუჩავებს და სამადაშვილებს, რომელთაც საერთოდ არ აქვთ ლეგიტიმაცია ქართულ საზოგადოებაში და ერთმანეთი ატყუონ. ჩვენ ასეთ გაერთიანებასთან და ამ ლიდერებთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს“, – განაცხადა ზარქუამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ევროსაბჭოს კონტექსტში საქართველო ადგას თუ არა რუსეთისა და ბელორუსის გზას, ირაკლი ზარქუამ განაცხადა:

„რუსეთ ევროსაბჭოდან მთელი რიგი მიზეზების გამო გარიცხეს და ისევ უკან დააბრუნეს. თქვენ ეს მიდგომა სწორად მიგაჩნიათ? ასეთი ორმაგი სტანდარტის მქონენი და უპრინციპოები არიან. დღეს თითოეულს შეუძლია, რუსეთზე მთელი დღე ილაპარაკოს, მაგრამ ამ დროს ტრამპის ახალი ადმინისტრაციისგან მოვისმინეთ, რომ მოლაპარაკებებს მართავენ. შეიძლება, სანციების მოხსნაზეც იყოს საუბარი და ევროსაბჭოში კი რუსეთი დააბრუნეს, უფლებამოსილება აღუდგინეს. უპრინციპო და ყოველგვარი მორალისგან დაცლილი ლიდერები მართავენ დღეს როგორც ევროსაბჭოს, ასევე ევროკავშირს. ასეთი ევროპული გაერთიანება, რომელიც ევროპულ ღირებულებებზე არ დგას, ალბათ ნაკლებად საინტერესოა, მათი რეზოლუციებიც და მათი პოზიციებიც. რეზოლუციაში რომ ჩაგიწერენ, სააკაშვილი პოლიტპატიმარია და კეზერაშვილი მედიამენეჯერიო, იქ თემა დამთავრებულია. მათ რაზე უნდა ველაპარაკოთ. ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ამხედრებული ლობისტური ორგანიზაციიის მიერ დაფინანსებულები არიან და ამ პოლემიკაში არ შევალთ. ჩვენ ვუთხარით, რომ ულტიმატუმებით ვერ დაგველაპარაკებით და კარგად იყავით, მორჩა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.