ევროსაბჭოს მინისტერიალზე კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ დემოკრატიის სახელით არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიული პროცესების ხელის შეშლა ქვეყანაში - მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

ევროსაბჭოს მინისტერიალის პლატფორმას გამოვიყენებთ, რათა გავაჟღეროთ ყველა ის საკითხი, რაც საქართველოს დღის წესრიგში დგას. კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ დემოკრატიის სახელით არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ხელის შეშლა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, ევროსაბჭოს მინისტერიალი არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და საქართველო, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, მონაწილეობს მასში.

„ჩვენ ამ პლატფორმას გამოვიყენებთ, რათა გავაჟღეროთ ყველა ის საკითხი, რაც საქართველოს დღის წესრიგში დგას. ის გამოწვევები, რომლებიც აქვს ქვეყანას ერთი – უსაფრთხოების თვალსაზრისით, მეორე, რაც სტაბილურობის თვალსაზრისით უქმნის ქვეყანას საფრთხეს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტყვით და გამოვიყენებთ ამ პლატფორმას იმისთვის, რომ დემოკრატიის სახელით არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიული პროცესების ხელის შეშლა ქვეყანაში და არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიული პროცესების უგულებელყოფა, ეს მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხი ევროსაბჭოს ფარგლებშიც მუდმივად დგას დღის წესრიგში და ამ შემთხვევაშიც, მინისტერიალის დოკუმენტებშიც ასახული იქნება.

„ზოგადად, როდესაც ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, ოკუპაციის შედეგებზე, ადამიანის უფლებებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის გზების ძიებაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში, ვგულისხმობთ საერთაშორისო ინსტიტუტების მაქსიმალურად გამოყენებას, საერთაშირისო შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას, რათა ყურადღება გავამახვილოთ სწორედ ამ პრობლემაზე. რა თქმა უნდა, ევროსაბჭოს ფარგლებშიც მუდმივად დგას საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხი დღის წესრიგში და ჩვენ ამას განსაკუთრებით ვიყენებთ ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით არსებულ გამოწვევევებზე ყურადღების გასამახვილებლად. ამ შემთხვევაშიც, მინისტერიალის დოკუმენტებშიც ასახული იქნება ეს საკითხი“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

13-14 მაისს ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134-ე სესია გაიმართება, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღებს მონაწილეობას. მაკა ბოჭორიშვილი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს, ასევე მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის, ქსავიე ბეტელის მიწვევით, რომელიც მიეძღვნება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ინიციატივას „დემოკრატიის ახალი პაქტი ევროპისთვის”.