„ჩემი ანგელოზი 24 წლის ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან…” - ტრაგედია ვანო მაჭავარიანის ოჯახში
1734586697
პირდაპირ ხაზგასმით ითქვა, რომ ევროსაბჭოს დელეგაცია აქ არის არა „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციისთვის, არამედ იმისთვის, რომ საქართველო არის ევროპული საბჭოს წევრი და აქ მიმდინარე პროცესები იწვევს უზარმაზარ შეშფოთებას კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვისა და ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს ვიზიტთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, დელეგაცია აქ არის, რადგან საქართველო 25 წელია, უკვე ევროსაბჭოს წევრია და ეს ორგანიზაცია არის კონცენტრირებული ადამიანის უფლებების დაცვაზე.
„ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მქონდა ძალიან კარგი საუბარი. მან ხაზგასმით თქვა, რომ აქ არის არა „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციისთვის, არამედ იმის გამო, რომ საქართველო არის 25 წელია, უკვე ევროპის საბჭოს წევრი და ეს ორგანიზაცია არის კონცენტრირებული ადამიანის უფლებების დაცვაზე. მთავარი თემები, რომლითაც ეს ორგანიზაცია არის დაინტერესებული, ეს არის კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა. საქართველოში რაც დღეს ხდება, ეს არის სწორედ, პირველ რიგში, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა და კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა. ამიტომ არის ეს ხალხი აქ, რომ ადგილზე შეხვდეს ყველას, მათ შორის, ვინც ხელისუფლებას უწოდებს თავის თავს და ასევე სამოქალაქო სექტორს. შეხვდეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომ სრული სურათი შეიქმნან იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ამ თვალსაზრისით ძალიან სასარგებლო შეხვედრა იყო“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, მათ მიაწოდეს ინფორმაცია, „თუ როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები ყოველდღიურად, თუ როგორ ხდება უდანაშაულო ადამიანების ფიზიკური ანგარიშსწორება“.
„უბრალოდ ასეულობით ადამიანი დღეს უკანონო პატიმრობაში იმყოფება, ასეულობით ადამიანს აქვს მიყენებული ფიზიკური დაზიანება იმ ადამიანების მიერ, რომლებიც თავის თავს პოლიციას უწოდებენ, მაგრამ არანაირი კავშირი მათ პოლიციასთან არა აქვთ. ესენი არიან კრიმინალური დაჯგუფებები. ვინც ადამიანს ფიზიკურად უსწორდება, ისინი არიან კრიმინალური დაჯგუფების წევრები. იმაზეც ვესაუბრეთ, რომ ქალაქში გადაადგილდებიან შავებში ჩაცმული შავნიღბიანი ადამიანები, რომლებიც პატრულის თანამშრომლების თვალწინ უსწორდებიან ჟურნალისტებს, მსახიობებს, გამვლელებს და ამაზე პატრულის თანამშრომლები თვალს ხუჭავენ, არიან პასიური დამკვირვებლები. რაც პირდაპირ მიანიშნებს კავშირზე, ამ დაჯგუფებების კავშირზე ხელისუფლებასთან და შსს-თან. ამ თემებზე გვქონდა საუბარი. ისინი აქ არიან სწორედ იმის გამო, რომ საქართველოდან იღებდნენ შემაშფოთებელ ინფორმაციას. ისინი აქ არიან სწორედ იმის გამო, რომ საქართველო არის 25 წელია ევროპის საბჭოს წევრი და საქართველო უნდა იყოს ევროპული ოჯახის წევრი. ისინი აქ არიან სწორედ ამიტომ და არა იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პროპაგანდას ეწევა, რომ თითქოს მათი ლეგიტიმაცია მოხდა მათი ჩამოსვლით. პირდაპირ ხაზგასმით ითქვა, რომ ისინი აქ არ არიან „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციისთვის, ისინი აქ არიან, რომ საქართველო არის ევროპული საბჭოს წევრი და საქართველოში მიმდინარე პროცესები იწვევს უზარმაზარ შეშფოთებას, კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვის კუთხით და ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით“,- აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, რომ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ უარს ამბობს ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე, ჯაფარიძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე კომენტარს ვერ გაკეთებს და მას მხოლოდ საკუთარ პარტიაზე შეუძლია, ისაუბროს.
ამასთან, ხედავს თუ არა ის ლეგიტიმაციის ნაწილში რისკებს, ჯაფარიძის თქმით, არანაირი რისკები არ არსებობს.
„არანაირი რისკები. პირდაპირ თქვეს, არანაირ რისკებს არ ვხედავ. თქვეს პირდაპირ, რომ ისინი აქ არ არიან „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციისთვის. ხაზგასმით თქვეს. ამიტომ არანაირი რისკი აქ არ არსებობს. ხაზგასმით თქვეს და ალბათ, როდესაც თქვენ გექნებათ მათთან საუბარი, იმავეს გაიმეორებენ. მათი შეხვედრა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან არ ნიშნავს „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციას. მათ ეს თქვეს, რომ აქ ამ მიზნით არ არიან. ისინი აქ არიან იმის გამო, რომ იღებდნენ ინფორმაციას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე და იღებდნენ ინფორმაციას კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვასთან დაკავშირებით. ამიტომ არიან აქ ჩამოსულები და ამიტომ ხვდებიან ყველას, მათ შორის სამოქალაქო სექტორს, „ქართულ ოცნებას“, ოპოზიციურ პარტიებს. ეს არის რეალობა“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.