ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსეტი უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტს გეგმავს

ალენ ბერსეტი

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსეტი უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტს გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ევროპის საბჭო მზად არის გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის მიმდინარე სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ქვეყანას ევროპული მისწრაფებების მიღწევის პროცესში დაეხმარება.

„ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსეტი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ის ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. დაძაბული მდგომარეობისა და მიმდინარე დაპირისპირებების ფონზე, გენერალურმა მდივანმა ევროპის საბჭოს სახელით შეშფოთება გამოთქვა პოლარიზაციის გაღრმავებისა და მოვლენების პოლიტიკურ ჩიხში შესვლის გამო. მან ასევე ყველა შესაბამის მხარეს მოუწოდა, თავი შეიკავონ შემდგომი ესკალაციისგან. გენერალურმა მდივანმა აგრეთვე ხაზი გაუსვა დემონსტრაციების დროს სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევების გამოძიების აუცილებლობას.

ვინაიდან საქართველო ევროპის საბჭოს წევრია, გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ორგანიზაციის როლი მოუსმინოს ყველა მხარეს და ქვეყნის ვალდებულება, პატივი სცენ ევროპის საბჭოს ღირებულებებსა და სტანდარტებს, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებას, რაც როგორც ქართველი ხალხის, ასევე მთლიანად ქვეყნისა და მისი სტაბილურობის ინტერესშია.

გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა თავის მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ევროპულ მისწრაფებებში და უზრუნველყოს ქვეყნის დემოკრატიული უსაფრთხოება. მან ასევე მზადყოფნა გამოხატა, არსებული კრიზისის დასაძლევად აწარმოოს კონსტრუქციული დიალოგი ყველა შესაბამის პარტნიორთან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან.

ევროპის საბჭო მზად არის გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის მიმდინარე სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ქვეყანას ევროპული მისწრაფებების მიღწევის პროცესში დაეხმარება. ამ მიზნით, გენერალური მდივანი უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტს გეგმავს“, – ნათქვამია ევროპის საბჭოს ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.