ვრცელდება კადრები, რომელიც ერთ-ერთმა მგზავრმა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე გადაიღო
1735156563
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო'ფლაერტი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ვალდებულება მშვიდობიანი შეკრების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
„სერიოზული შეშფოთებით ვაკვირდები ცნობებს პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ, ძირითადად მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროტესტებს აშუქებენ. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ვალდებულება ადამიანის უფლებათა დარგში, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების, აზრის გამოხატვის უფლებებს და მედიის თავისუფლებას“, - ნათქვამია ო'ფლაერტის განცხადებაში.
„აღვნიშნავ, რომ გუშინ საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მისი ოფისის წარმომადგენლების მიერ უკანასკნელ დღეებში მონახულებული 201 ადამიანიდან უმეტესობამ თქვა, რომ ისინი პოლიციის მხრიდან ხისტი მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ, მათ შორის დაკავების შემდეგ. უმეტესობას სახის, თვალის და თავის სერიოზული ტრავმები ჰქონდა, რაც ძალის არაპროპორციულ გამოყენებაზე მეტყველებს. ჟურნალისტთა დაცვის ევროსაბჭოს პლატფორმაზე 29 ნოემბერს გაცხადებული იყო, რომ დაახლოებით 25 ჟურნალისტი და მედია მუშაკი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა. მათ პროფესიულ საქმიანობაში ხელი ეშლებოდათ“, - დასძინა კომისარმა.
„მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მომიტინგის მხრიდან ძალადობის ფაქტებს ჰქონდა ადგილი, ეს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას არ ამართლებს. რაც შეეხება ინფორმაციას წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის ხშირ გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ხაზს ვუსვამ, ძალა, რომლის გამოყენებაც ხდება, უნდა იყოს უკიდურესი ზომა და აუცილებლობისა და თანაფარდობის მკაცრ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. დაშლაც აგრეთვე უნდა გამოიყენებოდეს უკიდურეს შემთხვევაში, დეესკალაციისკენ მიმართული ძალისხმევის შემდეგ. მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა საკუთარი უფლება თავისუფალ შეკრებაზე უნდა შეინარჩუნონ“, - აღნიშნა ო'ფლაერტიმ.
ევროპის საბჭოს კომისარი საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახრუს მოუწოდებს სწრაფად გამოიძიოს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები და ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მისცეს.
„აღვნიშნავ, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება სამართალდამცველების მიერ ძალის შესაძლო გადამეტებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ყველა განცხადება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და დანაშაულის ჩადენის შესახებ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მკაფიოდ იყოს გამოძიებული და ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მიცემული. გარდა ამისა, სამართალდამცავი უწყების ყველა თანამშრომელი უნდა ატარებდეს სათანადო საიდენტიფიკაციო ფორმას სასამართლო დევნისა და გადამეტებაში ბრალდებულების დასჯისთვის, როგორც ეს გათვალისწინებულია ადამიანის უფლებების დარგში საერთაშორისო სტანდარტებით“, - აღნიშნა მან.
ის თხოვნით მიმართავს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პირი, რომელიც დაკავებულია საკუთარი უფლების მშვიდობიან დემონსტრაციაზე რეალიზაციის გამო და შეასრულოს ვალდებულება ჟურნალისტებისთვის საჯარო შეკრების თავისუფალი და უსაფრთხო გაშუქების შესაძლებლობის მიცემით. „მე გავაგრძელებ ყურადღებით თვალყურის დევნას სიტუაციისთვის და ამ საკითხების დაყენებას საქართველოს ხელისუფლებასთან“, - ნათქვამია განცხადებაში.