ბათუმში გაუჩინარებული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს
1752090073
ევროპარლამენტში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ მორიგი დებატები გაიმართა. განიხილავდნენ ევროპის სახალხო პარტიის დეპუტატის და საქართველოს საკითხზე სპეციალური წარმომადგენლის, რასა იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებულ ანგარიშს.
საქართველოს საკითხზე ისაუბრა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმაც. კრიტიკულთან ერთად, ისმოდა საქართველოს მთავრობის მხარდამჭერი განცხადებებიც.
ნახევარსაათიანი დებატები თითქმის ცარიელ დარბაზში წარიმართა. საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციას ევროპარლამენტი დღეს უყრის კენჭს.
ანგარიში მოუწოდებს ევროპარლამენტს, სალომე ზურაბიშვილი აღიაროს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, ჩატარდეს ახალი არჩევნები, ანგარიში ითვალისწინებს ქვეყნის ხელისუფლების პირებისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას.
რეზოლუციას სამარცხვინო უწოდა ევროპარლამენტარმა, ანდრეას ლასლოსმა.
"საქართველოს შესახებ წარმოდგენილი ანგარიში სამარცხვინოა. ეს სირცხვილია ევროპარლამენტისთვის, ის არც ევროპული და არც დემოკრატიული ხასიათისაა და პატივისცემასაა მოკლებულია.
ცხადია, რომ ევროპარლამენტარების უმრავლესობას სურს საქართველოში მარიონეტული მთავრობის ხილვა და ვიდრე ეს არ მოხდება, თქვენ შეგნებულად ცდილობთ ევროპა-საქართველოს ურთიერთობების გამწვავებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება თქვენი ანგარიში. მინდა რამდენიმე პუნქტის აღნიშვნა. ევროპარლამენტს სურს უთხრას ქართველებს, თუ ვინ უნდა ჰყავდეთ მთავრობაში და რომ ახალი არჩევნები უნდა ჩაატარონ.
ევროპარლამენტს სურს, გადაწყვიტოს, ვინ არის საქართველოში რეალური სამოქალაქო საზოგადოება - ისინი, ვინც ბაიდენის ადმინისტრაციამ USAID-ის საშუალებით დააფინანსა, რომელიც ახლა ტრამპის ადმინისტრაციამ დახურა. ევროპარლამენტს სურს, საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ საქართველოს პარტნიორად არ აღიქვამთ. თქვენ მას კოლონიად მიიჩნევთ.
საჭიროა არა სანქციები, არამედ გულწრფელი დიალოგი, რომელიც პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტსა და გეოპოლიტიკურ მდგომარეობას - იმგვარს, რომელიც ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე იქნება ორიენტირებული", - განაცხადა ანდრეას ლასლომ.