ევროკომისიის კვლევა: მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია

ფოტო: Shutterstock

მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში ევროკომისიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

პროექტ ევრომონიტორის ფარგლებში ევროპის ორმოცამდე ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის მასშტაბური გამოკითხვის შედეგად ნდობის რეიტინგების ინდექსები შემუშავდა.

შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველოს მთავრობამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი 54.1% მიიღო და ევროპის საუკეთესო ხუთეულში დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ წინა, ანუ 2024 წლის შეფასებით საქართველო მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით ევროპაში  მე-8 პოზიციაზე იყო. 2025 წლის ევროპის საუკეთესო ხუთეული კი ასე ჩამოყალიბდა: ლუქსემბურგი, დანია, მონტენეგრო, ავსტრია და საქართველო.

მთავრობის ნდობის რეიტინგით ევროპაში ბოლო პოზიციებზე ნიდერლანდები, ბოსნია ჰეცოგოვინა, საფრანგეთი, საბერძნეთი და სლოვენია გამწესდა.
„ევრობარომეტრი“ არის გამოკითხვის ინსტრუმენტი, რომელსაც ევროკომისია, ევროპარლამენტი და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტები თუ სააგენტოები იყენებენ ევროპაში საზოგადოებრივი აზრის რეგულარული მონიტორინგისთვის — როგორც ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე, ისე პოლიტიკური თუ სოციალური ხასიათის თემებზე არსებული განწყობების შესასწავლად.

„ევრობარომეტრი“ უზრუნველყოფს ხარისხიან და აქტუალურ მონაცემებს საზოგადოებრივი აზრის ექსპერტებისთვის, მკვლევრებისთვის, მედიისა და ფართო საზოგადოებისთვის.
 
„ევრობარომეტრის“ პროექტი 1974 წელს, ევროკომისიის ფარგლებში, ჟაკ-რენე რაბიემ — ჟან მონეს ყოფილმა თანამშრომელმა და ინფორმაციის საკითხებში გენერალურმა დირექტორმა — წამოიწყო; თავდაპირველად ის ჩაფიქრებული იყო, როგორც საშუალება, რომელიც „ევროპელებს საკუთარ თავს დაანახებდა“. მას შემდეგ პროექტი მნიშვნელოვნად განვითარდა და გაფართოვდა, მათ შორის გამოკითხვის სხვადასხვა ინსტრუმენტის დანერგვის გზით. 2007 წელს ევროპარლამენტმა დაიწყო „ევრობარომეტრის“ გამოკითხვების საკუთარი რეგულარული სერიის განხორციელება, სადაც ყურადღება მახვილდებოდა, მათ შორის, უშუალოდ ევროპარლამენტისთვის მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ევროპული არჩევნები. ევროკომისიისა და ევროპარლამენტის გარდა, დღეს „ევრობარომეტრის“ გამოკითხვებს ევროკავშირის არაერთი სხვა ინსტიტუტი და სააგენტოც იყენებს.
 
ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თანმიმდევრულად გაშუქებული თემების მრავალფეროვნება, პუბლიკაციების რეგულარულობა და ფართო გეოგრაფიული მოცვა „ევრობარომეტრს“ ევროკავშირში ცოდნისა და ინფორმაციის უნიკალურ წყაროდ აქცევს.

https://www.worldbank.org/content/dam/sites/govindicators/doc/EUB-2026.xlsx
https://www.worldbank.org/en/publication/worldwide-governance-indicators 

✕