ევროკომისიამ, შესაძლოა, ამერიკულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა აუკრძალოს

სტეფან სეჟურნე

სამრეწველო სტრატეგიის საკითხებში ევროკომისრის, სტეფან სეჟურნეს განცხადებით, არაა გამორიცხული, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკის საპასუხოდ ორგანიზაციამ ამერიკულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის უფლება ჩამოართვას.

„ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილება ყველა ამერიკული კომპანიის ევროპული სახელმწიფო შესყიდვებისგან ჩამოშორების შესახებ“, - განაცხადა სეჟურნემ.

ამასთან ერთად, ევროკომისარმა აღიარა, რომ ევროკავშირს ყველა ამერიკულ კომპანიასთან თანამშრომლობის შეწყვეტა არ შეუძლია. ევროკავშირი რიგ საკითხებში ამერიკაზეა დამოკიდებული, მაგალითად ციფრული მომსახურების სფეროში.

„მაგრამ ჩვენ ზუსტად უნდა განვსაზღვროთ, რა სექტორებში და რატომ შეგვიძლია ამის გაკეთება“, - დასძინა სეჟურნემ.

მისი თქმით, ეს დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენს, და მას „ამერიკულ კომპანიებზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება“.