1739342153
ევროკავშირისგან ვხედავთ, რომ კიდევ უფრო მკაცრად და ცხადად ისმის არაღიარებისა და რეჟიმისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნები - საბა ბუაძე
![საბა ბუაძე საბა ბუაძე](https://primetime.ge/uploads/files/2024/12/11/107328/saba-buadze_w_h.jpeg)
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ კიდევ ერთ რეზოლუციაზე, რომელსაც დღეს უყრის კენჭს, ოპოზიციაში შეფასებები გრძელდება. "ხალხის ძალის" წევრის, საბა ბუაძის შეფასებით, ევროკავშირისგან მკაცრი გზავნილები ისმის.
"ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ სხვა ტიპის გზავნილები გვესმოდეს ევროკავშირისგან, ვხედავთ, რომ კიდევ უფრო მკაცრად და კიდევ უფრო ცხადად ისმის არაღიარების და რეჟიმისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნები," - აღნიშნავს საბა ბუაძე.
შეფასებები კეთდება "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრების მხრიდანაც.
"ევროპარლამენტის რეზოლუცია არის პოლიტიკურად მბოჭავი დოკუმენტი, რომელსაც ითვალისწინებს შემდეგ, როგორც ევროკავშირის ინდივიდუალური ქვეყნები, ასევე, ევროკავშირის ინსტიტუტები, მაგალითად, ევროკომისია, რომელიც არის აღმასრულებელი ინსტიტუტი. ამდენად, ევროპარლამენტის რეზოლუცია არის ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვის მქონე დოკუმენტი," - ამბობს გიგა ლემონჯავა.
ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ დღეს კიდევ ერთ რეზოლუციას უყრის კენჭს. სხდომა სტრასბურგში ამ წუთებში იწყება. შეჯერებული ვერსიის პროექტში საუბარია ახალ არჩევნებზე, აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებაზე, ასევე, გარკვეული პირების - მთავრობის წევრების, მოსამართლეების და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების სანქცირებაზე. მოთხოვნათა ჩამონათვალშია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაც.
ევროპარლამენტში დარეგისტრირებულია "ქართული ოცნების" მხარდამჭერი რეზოლუციაც, რომლის წარდგინების ავტორიც ილონ მასკის მიერ მხარდაჭერილი, გერმანული პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვისაა." წარდგინებაში წერია, რომ გმობენ საპარლამენტო არჩევნების არაღიარების ინიციატივას და საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას. ამავე, დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირის ზეწოლა საქართველოზე, მათ შორის, სანქციებით მუქარა და ფინანსური დახმარების პოტენციური შეჩერება, წარმოადგენს გაუმართლებელ სადამსჯელო მიდგომას, რომელიც რეგიონში მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან დაშორებას იწვევს.