ევროკავშირის წარმომადგენლობა: 2025 წლის ყოველწლიური კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავს

ევროკავშირის წარმომადგენლობა

2025 წლის ყოველწლიური კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, კვლევის მიხედვით, დღეს რომ რეფერენდუმი ჩატარდეს, 74% მხარს დაუჭერდა ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 80% მიიჩნევს, რომ ეს ქვეყანას მეტ სარგებელს მოუტანს, ვიდრე ზიანს.

„ევროკავშირი რჩება საქართველოს ყველაზე სანდო საერთაშორისო პარტნიორად, მას ენდობა მოქალაქეების 67%. ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ ცნობადობა კვლავ მაღალია და 70%-ს აღემატება. ციფრების მიღმა, მოქალაქეები ევროკავშირის წევრობას აღიქვამენ, როგორც გზას მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ, შვილების უკეთესი მომავლისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ. ეს შედეგები ცხადყოფს, რომ ევროკავშირი–საქართველოს პარტნიორობა მხოლოდ პოლიტიკური არაა, ის საქართველოს მოსახლეობის სურვილსა და მისწრაფებებს ეფუძნება“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაში.