1746733863
ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესება ვერ მოხერხდა, რადგან ამისთვის ერთსულოვნება გვჭირდება - პაველ ჰერჩინსკი

ჩვენ ვცდილობთ, დავაწესოთ სანქციები ქართველ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ძალის გამოყენებაზე, სამწუხაროდ, აქამდე ვერ მოხერხდა ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესება, რადგან ამისთვის გვჭირდება ერთსულოვნება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა, დაეწესებინა ორმხრივი სანქციები და ეს რაოდენობა იზრდება.
„ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები იმეორებენ, რომ ჩვენ ვერ შევეგუებით ძალადობას ნებისმიერი ფორმით. თბილისის ქუჩებში და საქართველოს სხვა ქალაქებში რაც ვნახეთ, მიუღებელია. ბევრი ადამიანი უსამართლოდ არის დაკავებული, ჩვენ ვცდილობთ, რომ დავაწესოთ სანქციები ქართველ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ძალის გამოყენებაზე. სამწუხაროდ, აქამდე ვერ მოხერხდა ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესება, რადგან ამისთვის გვჭირდება ერთსულოვნება, რამდენიმე წევრი არ არის იმ პოზიციაზე, რომ შემოუერთდეს ამ ერთსულოვნებას. სწორედ ამიტომ, რამდენიმე წევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა, დაეწესებინა ორმხრივი სანქციები და ეს რაოდენობა იზრდება“, – განცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
თუმცა, როგორც ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, ევროკავშირმა დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩერა.
„დემოკრატიული უკუსვლის, რეპრესიული კანონების, დაშინებისა და ძალადობის შედეგად, ხმათა უმრავლესობით გადავწყვიტეთ, შეგვეჩერებინა უვიზო რეჟიმი საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის. საკუთარ საზღვრებზე პასუხისმგებელი წევრი ქვეყნები ამ საერთო გადაწყვეტილებას ახორციელებენ. ჩვენთვის მიუღებელია, რასაც საქართველო აკეთებს. ეს არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, არამედ, აშორებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. ჩვეულებრივი პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, გაემგზავრონ უვიზოდ ევროკავშირში, მაგრამ ვინც ქვეყანას წარმოადგენს, აქვთ დიპლომატიური პასპორტები, ვიზაზე განაცხადი უნდა შეიტანონ“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.