ევროკავშირი არის არა მხოლოდ მოწოდებული, არამედ ვალდებულიც, დაეხმაროს ქართველებს ამ გმირულ ბრძოლაში - სამადაშვილი

სალომე სამადაშვილი

ყველასთვის ძალიან ნათელია, რომ ტრანსფორმაცია განიცადა იმ ვითარებამ, რაც არის ჩვენს ქვეყანაში. ვემზადებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომისთვის, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, ევროკავშირი არის არა მხოლოდ მოწოდებული, არამედ ვალდებულიც, დაეხმაროს ქართველებს ამ გმირულ ბრძოლაში.

„ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სხდომა, რადგან, მას შემდეგ, რაც ბოლოჯერ იმსჯელა ევროკავშირმა ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, საქართველოში ფუნდამენტურად შეიცვალა რეალობა. წინა სხდომაზე თუ საუბარი იყო, რომ გაყალბდა არჩევნები და სჭირდებოდა გამოძიება, მას შემდგომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციის ფარგლებიდან, როდესაც გააუქმა ქვეყნის ევროპული მომავალი და იქცა სისტემატურ მოძალადე რეჟიმად. ერთადერთი შეფასება, რომელიც შეიძლება, გაკეთდეს იმ სისხლიანი ანგარიშსწორების, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს, ეს არის სისტემატური წამება, ადამიანის უფლებების დარღვევა. შესაბამისად, ცხადია, რომ დღეს ჩვენი მოთხოვნა არ უკავშირდება მხოლოდ არჩევნებს, არამედ უკავშირდება სისტემური დანაშაულის დასჯას, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე.

დღეს, როდესაც ქართველები საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების რისკის ფასად იცავენ ევროპულ დროშას თბილისის და სხვა ქალაქების ქუჩებში, ცხადია, ევროკავშირი არის არა მხოლოდ მოწოდებული, არამედ ვალდებულიც, რომ დაეხმაროს ქართველების ამ გმირულ ბრძოლას. ჩვენი კომუნიკაციის ამოცანაა, უზრუნველვყოთ ყველანაირი მაქსიმალური დახმარება ამ ბრძოლაში. მინდა, მივმართო ხალხს, არ გეგონოთ, რომ თქვენი ბრძოლა არ არის შემჩნეული, რომ თქვენ ბრძოლას არ აქვს მხარდაჭერა დასავლეთში. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ ამ მხარდაჭერის გამოვლინებას. ვერავის დააშინებს ბიძინა ივანიშვილი. რამდენიც არ უნდა ინადიროს ქართველებზე, რომლებიც საკუთარ კონსტიტუციურ უფლებებს იცავენ, მას ეს დაშინების ტაქტიკა არ გაუვა“, – განაცხადა სამადაშვილმა.

დასავლეთიდან რეაგირებას რაც შეეხება, სამადაშვილის თქმით, აქვს მოლოდინი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა ძალიან მკაფიო შეფასებებს გააკეთებს.

„მოლოდინი მაქვს, რომ ძალიან მკაფიო ზომებსაც გაატარებს ამ სისხლიანი, პირსისხლიანი უკვე რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტიები ერთიან ფორმატში ვმუშაობთ და ვიცავთ ქართველი ხალხის პოზიციებს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.