ევროდეპუტატი, რომელიც ამბობდა, სტატუსს არ მივცემთ საქართველოს და ვნახოთ, 85% „ქართულ ოცნებას“ რას უზამსო, იყო კუბილიუსი, რომელიც შემდეგ ევროკომისარი გახდა - სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გაიხსენა, რომ გარკვეულმა ევროპელმა პოლიტიკოსებმა უთხრეს, რომ კანდიდატის სტატუს მისცემდნენ უკრაინას, მოლდოვას და არ მისცემდნენ საქართველოს.

„იყვნენ ევროპელი დეპუტატები, განსაკუთრებით ხშირად ევროპარლამენტარებისგან ისმოდა ასეთი იდეები“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილს კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ჰკითხა: „თქვენ ბრძანეთ, რომ ევროპელები გეუბნებოდნენ, არ მოგცემთ სტატუსს, მივცემთ მოლდოვას, უკრაინას და შემდეგ ვნახოთ, ქართველების 85%, ვინც ევროინტეგრაციის მომხრეა, „ქართულ ოცნებას“ რას უზამსო. ეს დასკვნაში მოხვდება, რაც ბევრმა ფაქტორმა გვაფიქრებინა, მაგრამ თქვენი ნათქვამი სულ სხვა ფასის მქონეა. ვინ გეუბნებოდათ ამას?, პირადად თქვენ გეუბნებოდნენ?, რაზეც ბოჭორიშვილმა აღნიშნა:

„კი, ასეთი ფაქტიც იყო, დღეს ევროკომისარია ის ადამიანი, ყველამ კარგად იცის. იყო ასეთიც, მაგალითად, გული რომ შესტკიოდათ საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე წუხდნენ, რატომ გავაკეთეთ განაცხადი, ხომ ვიცოდით, ამას მოჰყვებოდა ინსტრუმენტად გამოყენება და ასეთ ვითარებაში რატომ გავბედეთ, გავაკეთეთ განაცხადი. ერთი წამითაც არ მიფიქრია არც მაშინ, არც ახლა, რომ ეს შეცდომა იყო და ეს არ უნდა გაეკეთებინა საქართველოს იმ მომენტში. ეს იყო, რაც იმ მომენტში საქართველოს ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა და ეთქვა. ეს იყო, რაც 2020 წელს ვთქვით, რომ რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ უნდა გაგვეკეთებინა, ეს გეგმაში გვქონდა. რა თქმა უნდა, ლოგიკური იყო ამის გაკეთება. სამწუხაროდ, მაშინ კარგად გამოჩნდა, რომ ევროინტეგრაცია ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანია, ვიღაცისთვის კი მხოლოდ ინსტრუმენტი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

აღნიშნულის შემდეგ კომისიის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა:

„ჩემი მხრიდან განვმარტავ, რომ ევროპარლამენტარი, რომელიც შემდეგ გახდა ევროკომისარი, საქართველოს დაუძინებელი მეგობარი, არის ანდრიუს კუბილიუსი“.