რატი ბრეგაძემ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ეუთო/ოდირის მისიასთან შეხვედრა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ოუენ მერფის შეხვდა.

მინისტრმა შეხვედრაზე ისაუბრა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის წარმატებულ პრაქტიკაზე, რომლის მანდატი საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და დარღვევებზე რეაგირებაა. აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მომუშავე კომისია არა მხოლოდ რეაგირებს სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე, არამედ პროაქტიულად აწარმოებს მედიამონიტორინგს შესაძლო საარჩევნო დარღვევების გამოვლენის მიზნით.

მხარეებმა დაადასტურეს სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა.

შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ქეთევან ბეთლემიძე  და სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსი მანანა ბეგიაშვილი ესწრებოდნენ.

ცნობისთვის: საქართველოს ხელისუფლების მოწვევით 2024 წლის 11 სექტემბერს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) საქართველოში წარმოადგინა საარჩევნო სადამკვირვებლო მისია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად. მისია შეაფასებს არჩევნების შესაბამისობას ეუთო-ს მიმართ ვალდებულებებსა და დემოკრატიული არჩევნებისათვის დადგენილ სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებით, აგრეთვე, მის შესაბამისობას ეროვნულ კანონმდებლობასთან.