1747340780
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში რამდენიმე ქვეყნის დელეგაცია პორტუგალიის ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას „ქართული ოცნება“ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნისა და უკრაინის დელეგაციების წევრები პორტუგალიის ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ დაუშვას „ქართული ოცნება“ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 32-ე ყოველწლიურ სესიაზე, რომელიც პორტოში 29 ივნისს – 3 ივლისს გაიმართება.
პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის სახელზე დაწერილი წერილი 8 მაისით თარიღდება და მას ხელს აწერენ: აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ჯო უილსონი, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და უკრაინის დელეგაციების ხელმძღვანელები და სხვა წევრები, მათ შორის შვედეთის დელეგაციიდან.
წერილი სოციალურ ქსელ X-ში ჰელსინკის კომისიის გვერდზე გამოქვეყნდა.
წერილის ხელმომწერები მოუწოდებენ პორტუგალიის პრემიერ-მინისტრს, უარი უთხრას „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრებისთვის ვიზების გაცემაზე ან სხვაგვარად აღკვეთონ მათი დასწრება ამ მნიშვნელოვან შეკრებაზე.
„ქართული ოცნების“ მთავრობა სისტემატურად უთხრის ძირს დემოკრატიას საქართველოში, არჩევნების ფართოდ გაყალბებაში ჩართვით, მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი ჩახშობით და ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაპატიმრებით, ვინც ბედავს მათი ავტოკრატიული მმართველობის წინააღმდეგ გამოსვლას. მათი ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელთა ხელშეწყობისა და დაცვისკენ პორტუგალია და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მიისწრაფვიან. „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრებისთვის ამ პრესტიჟულ სესიაზე დასწრების პრივილეგიის მინიჭება, მათი რეპრესიული მთავრობის ლეგიტიმაციას მოახდენს და მისცემს მათ პლატფორმას, რომელსაც არ იმსახურებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
წერილის თანახმად, „ქართული ოცნების“ წევრების მონაწილეობა ასამბლეის სესიაში იქნება არასწორი გზავნილი მათთვის, ვინც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ დემოკრატიისთვის იბრძვის.