ეუთო-ს გენერალური მდივანი არ უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ჩამოვიდა რუტინულ შეხვედრაზე, ეს არაფერს ცვლის „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციის თვალსაზრისით - თაზო დათუნაშვილი

თაზო დათუნაშვილი

ესაა ეუთო-ს გენერალური მდივნის რუტინული პირველი ვიზიტი წევრ ქვეყნებში, რომელიც არის ტექნიკური მოვლენა. ამაზე თქმა, რომ რაიმე ფორმით არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ლეგიტიმაცია, ძალიან უბადრუკი არგუმენტია. არაფრის მომცემი არ არის ამ თვალსაზრისით ეუთო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თაზო დათუნაშვილმა ეუთო-ს გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

თაზო დათუნაშვილის თქმით, ყველაზე მთავარი დასკვნა ეუთო-მ გააკეთა არჩევნების შეფასებისას.

„ეუთო-ს გენერალური მდივანი არის კონსენსუსის წესით არჩეული პირი. ეუთო-ს წევრი დღემდე არიან რუსეთის ფედერაცია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქეთი და ა.შ. არჩეული არის 2024 წლის დეკემბერში, შესაბამისად, ეს არის მისი რუტინული პირველი ვიზიტი წევრ ქვეყნებში, რომელიც არის ტექნიკური მოვლენა. ამაზე თქმა, რომ ეს რაიმე ფორმით არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ლეგიტიმაცია, ძალიან უბადრუკი არგუმენტია ისედაც სასაცილო მდგომარეობაში მყოფი ხელისუფლების. ვურჩევდი, რომ ეს არგუმენტი არ გაიმეორონ. თუ არ უნდათ, რომ ეუთო-ს გენერალური მდივანიც ჩამოვიდეს, ამაზეც შეილება მუშაობა. უბრალოდ, არაფრის მომცემი არ არის ამ თვალსაზრისით ეუთო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი.

ეს კაცი ერთი თვის წინ მოსკოვში იყო ვიზიტით. ყველაზე მთავარი დასკვნა ეუთო-მ გააკეთა არჩევნების შეფასებისას, რომ არ ჩატარდა თანაბარ გარემოში, სახელმწიფო რესურსები იყო გამოყენებული მმართველი პარტიის სასარგებლოდ და ხდებოდა ამომრჩევლის ინტიმიდაცია, ანუ მათზე ძალადობა არჩევანის დეფორმაციისთვის. ეს არის მთავარი, რაც ეუთო-მ თქვა. შემდეგ ეუთო-ს მისიამ თქვა, რომ საქართველოში 350-ზე მეტი ადამიანი აწამეს სისტემურად დეკემბრის თვეში. ეს არის პასუხი, როგორ იქცევა „ქართული ოცნება“, თუ ვლაპარაკობთ ლეგიტიმაციაზე, ის უნდა დაფიქსირდეს ბრიუსელში, ვაშინგტონში, პარიზში.

უნდა ჩამოსულიყო თუ არა? ჩემი აზრით, არ უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ჩამოვიდა ამ რუტინულ შეხვედრაზე და ეს კაცი ვერ გააჩერეს მოსკოვში ჩასვლისგანაც. ამიტომ ასეთი რაღაცები მოხდება, გაერო-ს გენერალური მდივანი ან სამდივნოდან ვინმე ჩამოვიდეს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის ლეგიტიმაციის თვალსაზრისით“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.