ესეც არის წარმავალი, ევროპარლამენტის რამდენიმე წევრის ბოლო პწკენა ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციაზე

 შალვა პაპუაშვილი

ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია არის პოლიტიკური დოკუმენტი, თუმცა, მას არანაირი აღმასრულებელი ფუნქცია არ აქვს. შესაბამისად, პაპუაშვილის თქმით, ქვეყანასთან დაკავშირებით რეალური ძალა არ გააჩნია.

"ევროპარლამენტის რეზოლუცია არის პოლიტიკური დოკუმენტი, რომელსაც არ აქვს არანაირი აღმასრულებელი ფუნქცია და ძალა. გადაწყვეტილებებს მოლაპარაკების დაწყება-არ დაწყებაზე, სანქცირებასა და საერთოდ ყველაფერზე იღებს ევროკომისია, ევროპის საბჭო. ასე რომ, ეს გახლავთ რამდენიმე დეპუტატის მიერ წამოწყებული ის კამპანია, რომელსაც ისინი უკვე დიდი ხანია აწარმოებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ასე რომ ეს რეზოლუციაც, ისევე როგორც წინა სამ რეზოლუცია, რომელშიც უარესები ეწერა ლამის შიგნით, ესეც არის წარმავალი, ევროპარლამენტის წევრების ბოლო პწკენა ქართველი ხალხის მიმართ, რაც სამწუხარო რეალობაა. ივნისში არჩევნები არის ევროპარლამენტის და მე იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის მოქალაქეები უფრო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და სათანადო მანდატს გადასცემენ სათანადო პირებს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის კენჭისყრა ევროპარლამენტში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ევროდეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ხუთივე შესწორებას. შესაბამისად, რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ გამჭვირვალობის კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები კი ვერ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება.

დოკუმენტში საუბარია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლებაზე, ინიციირებული კანონის გავლენაზე ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების ნაწილში, ასევე - მოწოდებაზე, გაუქმდეს შემოთავაზებული საკონსტიტუციო კანონმდებლობა, რომელიც ლგბტქიუ პირების უფლებებს ზღუდავს.