ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არა მარტო სასამართლოს მიერ, ზოგადად საზოგადოების მიერ თაღლითებად არიან აღიარებული - გიორგი ვოლსკი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე

გიორგი ვოლსკი

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, „ნათენაძის ღვინის მარნის“ მფლობელის და „ვარძიის ტერასების“ ერთ-ერთი დამფუძნებლის გამოთქმულ ბრალდებებს, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ეხმაურება.

მისი თქმით, „ლელოს“ ლიდერების წარსულიდან გამომდინარე, ხაზარაძე - ჯაფარიძის დამოკიდებულება საზოგადოებას არ უკვირს.

„ადამიანების ჯგუფი, რომელიც წალენჯიხაში ჩავა და „პლასტმასის“ საცურაო აუზს გახსნის, თან ზამთრის დადგომის პერიოდში, რა საკვირველია, ეს მახასიათებელი, რომ ვაზს არ მიხედა ან რაღაც ტერასა მიატოვა ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე ეს არავის არ უნდა გაუკვირდეს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არა მარტო სასამართლოს მიერ, ზოგადად საზოგადოების მიერ თაღლითებად არიან აღიარებული. ალეკო ელისაშვილის მიერაც, რომელიც დღეს ცეკვავს და მალაყებს გადადის მათთან ერთად“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„ნათენაძის ღვინის მარნის“ მფლობელი და „ვარძიის ტერასების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ნათენაძე მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ვაზის ტერასების განადგურებაში ადანაშაულებს. ბიზნესმენი სოციალურ ქსელში ვარძიის ტერასების მდგომარეობის ამსახველ ვიდეოებსაც აქვეყნებს.