ესაა არსებითად ტექნიკური ტიპის შეცდომა, რომელიც ოჯახმა თავად აღმოაჩინა - გეგელია ხაზარაძის ოჯახის ქონების გაქირავებაზე

გრიგოლ გეგელია

მამუკა ხაზარაძის მეუღლისა და გერმანიის ელჩის სახელზე არსებული უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური დისკუსია გრძელდება. "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერის განმარტება დამაჯერებელი არ არის "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, წარმოუდგენელია, ბანკირს არ სცოდნოდა საშემოსავლო გადასახადი თავად რომ უნდა გადაეხადა და არა ელჩს, რომელსაც ბინა მიაქირავეს. ამას გარდა, დღეს, მმართველ გუნდში ითქვა, რომ პოლიტიკოსმა კონტრაქტი დეკლარაციაშიც არ შეიტანა, რაც კიდევ ერთი დარღვევაა.

პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” საერთაშორისო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განმარტებით,  ოჯახის მიმართვის საფუძველზე მიეცა ამ ყველაფერს მსვლელობა და, ოჯახის ინიციატივითვე, ამოიწურა ეს საკითხი სრულად.

"თუ ვინმეს აქვს შეტანილი თანხები ეროვნულ ბიუჯეტში და არა გამოტანილი და მოპარული, ეს არის სწორედ მამუკა ხაზარაძე. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, ეს არის იურიდიულ და აუდიტორულ კომპანიებს შორის მისკომუნიკაციის ბრალი. ეს არის არსებითად ტექნიკური ტიპის შეცდომა, რაც იქნა ოჯახის მიერ აღმოჩენილია და ამას ხაზი მინდა გავუსვა. ოჯახის მიმართვის საფუძველზე მიეცა ამ ყველაფერს მსვლელობა და ოჯახის ინიციატივითვე ამოიწურა ეს საკითხი სრულად", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.