ეს ყველაფერი არის ერთ მარტივ რამესთან დაკავშირებული, როგორ მოიყვანონ ხელისუფლებაში აგენტურა, რაც ამ შანტაჟითაც არ გამოვა - ირაკლი ქადაგიშვილი ვიზალიბერალიზაციის საკითხზე

ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხის წამოჭრა დაკავშირებულია ერთადერთ მარტივ მიზეზთან, როგორმე საქართველოს ხელისუფლებაში აგენტურა დააბრუნონ.

მისი განმარტებით, ხელისუფლებაში აგენტურული ძალების დაბრუნება ვერც შანტაჟის და ვერც რაიმე სხვა გზით ვერ მოხდება.

"ევრობიუროკრატიის იმ ნაწილს, რომელიც უხეშად ერეოდა საქართველოს არჩევნებში, მათი მიზანი იყო არა არჩევნების დემოკრატიულობის და არჩევნების შედეგები, არამედ მათთვის სასურველი შედეგი. როდესაც ეს მათთვის სასურველი შედეგი ვერ დადგა, მას მერე დაიწყო ახალი შანტაჟის ტალღა. ამ შანტაჟის გზაზე, ერთადერთი ეფექტური იარაღი, რომელიც ქართველისათვის რეალურად ხელშესახები რამე იყო ევროპასთან დაახლოების კუთხით, ეს იყო ვიზალიბერალიზაცია, რომელიც ამ მთავრობამ მიიღო. თუ გახსოვთ, მაშინაც ამბობდნენ, რომ ეს ხალხისთვის არის და არა მთავრობისთვისო. დღეს კი მზად არიან ხალხსაც წაართვან, რაც მათივე თქმით ხალხისთვის იყო. ეს არის შანტაჟის კლასიკური მეთოდი და ამის მიზანი არც დემოკრატიაა, არც რაიმე სხვა აღმატებული რამ და არც საქართველოს ევროპასთან დაახლოების გზაა. ეს ყველაფერი არის ერთ მარტივ რამესთან დაკავშირებული - როგორ მოიყვანონ ხელისუფლებაში აგენტურა, რაც ამ შანტაჟითაც არ გამოვა", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.