ეს იმ ჟონგლიორობის ნაწილია, რომელსაც თავს არ ანებებენ ევროჩინოვნიკები და ძალები, რომელთაც საქართველოსა და ქართველი ხალხის გამოყენება კვლავ საკუთარი მიზნებისთვის სურთ - მათიკაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“

 დავით მათიკაშვილი

 საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი მედიასთან ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს აფასებს.

„ეს არის იმ ჟონგლიორობის ნაწილი, რომელსაც თავს არ ანებებენ ევროჩინოვნიკები და ის ძალები, რომლებსაც საქართველოსა და ქართველი ხალხის გამოყენება კვლავ სურთ საკუთარი მიზნებისთვის, რაც 100%-ით არ შეესაბამება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიზნებსა და ამოცანებს.

ეს თავიდან ბოლომდე რადიკალური ოპოზიციისა და პარტიული პროპაგანდისტული მედიის მიერ ატაცებული და თითიდან გამოწოვილი თემაა, რაღაც ფსევდო სასამართლო დავებსა და სასამართლო საფრთხეებზე. ქართველ ხალხს ნურავინ აშინებს და საქართველოზე შანტაჟს ნუ ახდენს. საქართველო და ქართველი ხალხი შანტაჟს არ ექვემდებარება“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

პატრიცია გჟებიკი ის ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტია, რომელმაც სავარაუდოდ, წინასწარ დაწერილ დეზინფორმაციას ხელი მოაწერა და „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნად წარმოადგინა.

ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა. კერძოდ, მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებას სთხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმებას.

ასევე, მოთხოვნილია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) , „გრანტების შესახებ“ კანონში უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების გაუქმება, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებას და მაუწყებლობის შინაარსის შეზღუდვას.