1734375044
ეს ჰგავს სახის შენარჩუნების მცდელობას იმ ბიუროკრატებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ საქართველოს მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებებით - პაატა სალია კაია კალასის განცხადებაზე
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ხელისუფლების სანქცირებაზე ვერ შეთანხმდნენ. ბრიუსელში უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც საუბარი შეეხო დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას, შეფასებები მოჰყვა თბილისში.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, პაატა სალიას თქმით, ეს განცხადება სახის შენარჩუნების მცდელობას ჰგავს იმ პირების მხრიდან, რომლებიც ბოლო პერიოდში დაუსაბუთებელი ბრალდებებით გამოირჩეოდნენ.
"ერთადერთი საკითხი, რაც არის ღია, ეს არის სავიზო შეზღუდვების დაწესება დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისათვის. ვთვლი, რომ ეს ამ შემთხვევაში ჰგავს სახის შენარჩუნების მცდელობას იმ ბიუროკრატებისათვის, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ საქართველოს მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებებით მთელი ამ ხნის განმავლობაში, ასევე იმ ოპოზიციური ძალების მიმართ, რომლებსაც ფაქტობრივად არანაირი არგუმენტი არ დარჩათ ქვეყანაში. სავარაუდოდ, ეს ამის მცდელობაა და სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ. დასანანია, რომ ასეთი რაღაცები ხდება", - განაცხადა პაატა სალიამ.