ეს ემსახურება ჩვენი ხალხისა და ქვეყნის მეტ იზოლაციას და მეტ პრობლემებს ეკონომიკური თვალსაზრისით - გიორგი კაპანაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ კანონის გამკაცრებაზე

გიორგი კაპანაძე

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ კანონის გამკაცრებაზე მუშაობას იწყებენ დეპუტატები. თემის განხილვა პირველი მოსმენით კომიტეტებში იგეგმება.

სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საქართველოდან გაძევების და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის ახალი ნორმები დგინდება და ის დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე განისაზღვრება. ცვლილებები, საერთო ჯამში, 18 კანონს ეხება და ის სასჯელს არალეგალურ მიგრანტებსაც გაუმკაცრებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიღება საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მოხდება.

პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არ ემსახურება ქართველი ხალხის, ქვეყნისა და ეკონომიკის ინტერესებს.

"როდესაც შენ, არალეგიტიმური ხელისუფლება ამკაცრებ კანონს უცხოელების მიმართ, ანუ მათ კიდევ უფრო მეტ ბარიერს უქმნი იმისათვის, რომ შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, დახარჯოს ფული, განახორციელოს ინვესტიცია და ამით დაეხმაროს ჩვენს ეკონომიკას, ეს საბოლოო ჯამში არ ემსახურება ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ეს ემსახურება ჩვენი ხალხისა და ქვეყნის მეტ იზოლაციასა და უფრო მეტ პრობლემებს ეკონომიკური თვალსაზრისით", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.