,,ეს არის სწორედ შეფასება იმისა, რასაც აკეთებს ოპოზიციური პარტია და აგენტურული ქსელი ჩვენს ქვეყანაში" - რიმა ბერაძე IRI-ის კვლევაზე

რიმა ბერაძე

IRI-ის კვლევა კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის შემდეგ, პარტიის უკვე სხვა წევრებიც ადასტურებენ, რომ IRI-ის კვლევებთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციურ პარტიებში საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ.

ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში თინა ბოკუჩავამ კითხვაზე თავის არიდებით ფაქტობრივად დაადასტურა, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის რეიტინგებზე ოპოზიცია ინფორმირებული იყო. გამოაქვეყნებს თუ არა ორგანიზაცია კვლევის შედეგებს - "კურიერმა" IRI-ის ევრაზიის წარმომადგენლობას წერილითაც მიმართა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

პარტიების რეიტინგები არაოფიციალურად სოციალურ ქსელში გავრცელდა. კვლევის მიხედვით, ოპოზიციურ პარტიებს მხოლოდ 1 ან 2 პროცენტი აქვთ, ყველას ერთად კი, 16 პროცენტი. "ქართული ოცნების" შედეგი ალოკაციის გარეშე 36 პროცენტია, ალოკაციით კი 55.

მმართველი გუნდის შეფასებით, ეს შედეგი არის ისტორიული და მათი სწორი პოლიტიკის დამსახურება.

"ქართულ ოცნებას" აქვს 36%, ხოლო ალოკაციით 55%, ხოლო დანარჩენ ოპოზიციას აქვს 16%. ეს არის სწორედ შეფასება იმისა, რასაც აკეთებს ოპოზიციური პარტია და აგენტურული ქსელი ჩვენს ქვეყანაში, რადგან მათ სურთ რევოლუცია, მათ სურთ არეულობა და ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არ უხარიათ ის, რომ 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა გვაქვს," - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, რიმა ბერაძემ.

✕