ეს ადამიანი არის არა მხოლოდ პოლიტიკური პატიმარი, არამედ მეწარმე, რომელსაც ფული უნდა გამოსძალონ - პეტრე ცისკარიშვილი ბაჩიაშვილის დაკავებაზე

პეტრე ცისკარიშვილი

გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ის საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს. უწყებაში ანონიმური შეტყობინება შევიდა, რომ წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული, საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი გადაადგილდებოდა წითელ ხიდსა და სადახლოს შორის, ეგრეთწოდებულ მწვანე საზღვართან.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო 344-ე მუხლით აწარმოებს, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.

ბაჩიაშვილს 10 მარტს საქალაქო სასამართლომ ეგრეთწოდებული ბიტკოინების საქმეზე დაუსწრებლად შეუფარდა 11 წლიანი პატიმრობა. მან საქართველოს საზღვარი 4 მარტს გადაკვეთა, მისი დახმარებისთვის კი ერთი პირი დააკავეს.

პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა"გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით, გიორგი ბაჩიაშვილი პოლიტპატიმარია.

"ეს ადამიანი არის არა მხოლოდ პოლიტიკური პატიმარი, არამედ მეწარმე, რომელსაც ფული უნდა გამოსძალონ და ამ მიზნით სვამენ ციხეში. ტყვედ აჰყავთ იმისათვის, რომ ის თანხა, რასაც ბიძინა ივანიშვილი მას ედავება გამოსძალონ პატიმრობის პირობებში", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.