"ეს ადამიანები ძალადობდნენ მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, ძალადობენ ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში და ძალადობას ჰპირდებიან საზოგადოებას იმ შემთხვევაშიც, თუ მოვლენ ხელისუფლებაში" - თორნიკე ფაღავა გვარამიაზე

თორნიკე ფაღავა

დევნა და ზეწოლა "ნაციონალური მოძრაობის" პროკურორის მუქარა პირდაპირ ეთერში - ნიკა გვარამიას განცხადება ნინო წილოსანის მიმართ, კიდევ ერთ თვითაღიარებად იქცა. პარტია "ახალის" დამფუძნებელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ემუქრება.

გვარამია წილოსანს ეუბნება, რომ თუ ხელისუფლებაში მოვა, მასზე ზეწოლას მოახდენს. შანტაჟის მცდელობას უკვე მოჰყვა პოლიტიკური განცხადებები.

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ნიკა გვარამია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში იმ მეთოდების გამოყენებას აპირებს, რასაც სააკაშვილის დროს იყენებდა.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ფაღავა ამბობს, რომ ეს ადამიანები ძალადობდნენ მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და ძალადობენ ახლაც, როდესაც ოპოზიციაში არიან.

"არსებობს ასეთი გამოთქმა - ვერც ვერაფერი დაივიწყეს და ვერც ახალი ვერაფერი ვერ ისწავლეს. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა და ნიკა გვარამიამ ვერ გაიაზრა თავის დროზე, რატომ გაუშვა ქართულმა საზოგადოებამ ისინი ხელისუფლებიდან. ამ ყველაფერში ყველაზე საინტერესო გახლავთ ის, რომ ეს ადამიანები ძალადობდნენ მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, ეს ადამიანები ძალადობენ ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში და ეს ადამიანები ძალადობას ჰპირდებიან ქართველ მოსახლეობას და ქართულ საზოგადოებას იმ შემთხვევაში, თუ მოვლენ ხელისუფლებაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა გვარამია ვერასოდეს ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ვერასოდეს ვერ გახდება გენერალური პროკურორი, იმდენად, რამდენადაც ქართველმა საზოგადოებამ ისინი უკვე გაუშვა პოლიტიკურ მოუსავლეთში, ისინი ვერასოდეს აიღებენ ხელისუფლებას და ძალაუფლებას ხელში, იმდენად, რამდენადაც ისინი არიან დადასტურებული მოძალადეები, როგორც ქართული საზოგადოების, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში", - აცხადებს თორნიკე ფაღავა.