ერთადერთი, რაც მაწუხებს საპატიმროში, ერთმანეთის მიერ თავდასხმებია, ტელევიზიით გამუდმებით ერთმანეთის ლანძღვას ვუყურებ, გული მტკივა, ნებისმიერი ასეთი ნათქვამი გვაშორებს გამარჯვებას - გიორგი ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებელი

დაბადების დღეზე რამეს თუ ვისურვებდი, ეს არის ერთიანობაა, ერის გაერთიანება, რომ დავიხსნათ ჩვენი სამშობლო, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც გიორგი ვაშაძე წერს, ერთადერთი, რაც საპატიმროში აწუხებს, ურთიერთთავდასხმებია.

„44 წლის გავხდი. დიდი მადლობა ყველას მოლოცვისთვის. ვარ შემართებით და ბრძოლის განწყობით, გამარჯვებაში დარწმუნებული. თუ რამეს ვისურვებდი ამ დაბადების დღეზე – ერთიანობაა, ერის გაერთიანება, რომ დავიხსნათ ჩვენი სამშობლო. რაც მალე გავერთიანდებით, მით მალე გავიმარჯვებთ! ერთადერთი, რაც მაწუხებს საპატიმროში, ურთიერთთავდასხმებია. ტელევიზიით გამუდმებით ერთმანეთის ლანძღვას ვუყურებ, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება პერსონალურად მე არ მეხებოდეს, გული მტკივა, რადგან ვიცი, რომ ნებისმიერი ასეთი ნათქვამი გვაშორებს გამარჯვებას. იმედი მაქვს, ამასაც მალე გადავლახავთ, დავიწყებთ ერთმანეთის მოსმენას, განსხვავებულ აზრს პატივს ვცემთ, შევეცდებით ერთმანეთთან კომპრომისის ძიებას, შეცდომებს გავიაზრებთ და საბოლოო გამარჯვებისთვის გაერთიანებას მალე შევძლებთ. ძალა ერთობაშია! პატიმრობაში მყოფი, მაგრამ თავისუფალი გიორგი ვაშაძე“, – წერს გიორგი ვაშაძე.