1734777043
ერთადერთი მიზეზი, რატომაც არ შედგა წინა წელს იმპიჩმენტი არის ის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ხელი დააფარა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას და ვნახეთ რისთვისაც. შემდეგ მან შეიწყალა ნიკა გვარამია - შალვა პაპუაშვილი
ერთადერთი მიზეზი, რატომაც არ შედგა იმპიჩმენტი არის ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მთლიანად რადიკალურმა ოპოზიციამ ხელი დააფარა ამ [პრეზიდენტის მიერ] კონსტიტუციის დარღვევას და ვნახეთ რისთვისაც. შემდეგ, ქალბატონმა სალომემ შეიწყალა ნიკა გვარამია, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
თითქმის ერთი წლის თავზე იმავე სარჩელის შეტანა საკონსტიტუციო სასამართლოში, პოლიტიკურად რას ნიშნავს და რა მოლოდინი აქვს ხელისუფლებას.
„მაშინ [წინა წელს] საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და შემდეგ საპარლამენტო პროცედურა იყო. 18-ში, თუ არ ვცდები, იყო კენჭისყრა. ერთადერთი მიზეზი, რატომაც არ შედგა იმპიჩმენტი არის ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მთლიანად რადიკალურმა ოპოზიციამ ხელი დააფარა ამ [პრეზიდენტის მიერ] კონსტიტუციის დარღვევას და ვნახეთ რისთვისაც. შემდეგ, ქალბატონმა სალომემ შეიწყალა ნიკა გვარამია. რაც შეეხება [ახალი იმპიჩმენტის] ტექნიკურ დეტალებს, 26 ოქტომბრამდე ამ კონსტიტუციური წარდგინებით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, შემდეგ არის ვადები დადგენილი, ერთთვიანი ვადაა საკონსტიტუციო სასამართლოს და უკვე ახალი მოწვევის პარლამენტი პირველივე სხდომებზე 100 მანდატით კენჭს უყრის იმპიჩმენტის საკითხს და გადააყენებს სალომე ზურაბიშვილს თანამდებობიდან.
წლის ბოლოს ეწურება მას საპრეზიდენტო ვადა, ამიტომ ვადის მხრივ ამას [იმპიჩმენტის პროცედურას] სიმბოლური დატვირთვა აქვს. მაქსიმუმ ერთი თვით შეიძლება შეიკვეცოს საპრეზიდენტო ვადა, თუმცა მნიშვნელოვანია როგორც სამართლებრივი და პოლიტიკური პრეცედენტი, ვინაიდან სხვა დროს არ მოხდეს უხეში დარღვევა იმ პირობებში, როდესაც გარკვეულ გარანტიებს მიიღებენ დეპუტატების გარკვეული რაოდენობისგან, როგორც ახლა მიიღო ქალბატონმა სალომემ და აბსოლუტურად არ მიაქციოს ყურადღება კონსტიტუციას.
ოთხი ტიპის დარღვევა აქვს ქალბატონ სალომეს უკვე - საგარეო ვიზიტები ნებართვის გარეშე, ელჩების არდანიშვნა, საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა და სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის დაკომპლექტებაში. ამ დარღვევებს ის სჩადის, რადგან აქვს აბსოლუტური გარანტია რადიკალური ოპოზიციის, რომელთან ერთადაც შეთანხმდნენ, რომ ჩვენ ხალხი არ ვართ, ქვეყანა არ გვაქვს, სახელმწიფო არ ვართ, კონსტიტუცია არ გვაქვს, და გვაქვს ბანანის რესპუბლიკის მოსანიჭებელი სტატუსი ამ ომის ქარტიით, რასაც ხელი მოაწერა რადიკალურმა ოპოზიციამ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მმართველი პარტია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურებს ხელახლა იწყებს.