1749042430
ეროვნული დღესასწაულის გამოყენება იმისთვის, რომ ნეგატიური დღის წესრიგი შექმნა ქვეყნის შიგნით, ნამდვილად არ არის მისასალმებელი - მაკა ბოჭორიშვილი

ყველაფრის გამოყენება იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას ნეგატიური დღის წესრიგი, არის მიუღებელი, 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ეროვნული დღე და ეს არის ის დღე, რომელსაც პარტნიორები, მეგობრები ულოცავენ ქვეყნებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, ვინმეს თუ კრიტიკა უნდა, ამის შესაძლებლობა მათ ყოველთვის აქვთ და არ იშურებენ ძალისხმევას.
„ეროვნული დღესასწაულის გამოყენება იმისთვის, რომ ნეგატიური დღის წესრიგი შექმნა ქვეყნის შიგნით, ნამდვილად არ არის მისასალმებელი“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც აღნიშნულია: „ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელიც იწვევს დემოკრატიულ უკუსვლას, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მთავრობის ოპონენტების წინააღმდეგ ყველა თავდასხმას. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება უნდა იყოს დაცული. გადაჭარბებული ძალადობის შემთხვევები უნდა იქნეს გამოძიებული. კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმებს, უნდა შეიცვალოს, ხოლო საჭირო რეფორმების პროცესი განახლდეს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვას ქვეყნის ევროპულ ტრაექტორიასთან დაკავშირებული შესაძლებლობები“.