ელჩის პირველი ფუნქცია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ხელშეწყობაა. ამ შემთხვევაში, გვქონდა რეალობა, რომ კონკრეტულმა ელჩმა, შემსუბუქების ნაცვლად, პირიქით, ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ურთიერთობები დამძიმებულიყო - მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერზე

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერზე ისაუბრა, რომელიც გერმანიამ კონსულტაციებისთვის საქართველოდან გაიწვია. ბოჭორიშვილის შეფასებით, მათი მხრიდან ფიშერის დადანაშაულება არ ხდებოდა.

როგორც ბოჭორიშვილმა განმარტა, ერთ მხარეს არის ქმედებები, მეორე მხარეს არის მხილება და ელჩის ქმედებების შეფასება, თუ როგორ ხედავენ ისინი ამ ქმედებებს.

"მე არ ვიტყოდი, რომ [პეტერ ფიშერის] დადანაშაულება ხდება. ერთ მხარეს არის ქმედებები, მეორე მხარეს არის მხილება ჩვენი მხრიდან და საუბარი ქმედებებზე, თუ როგორ ვხედავთ ამ ქმედებებს.

რაც შეეხება ელჩის გაწვევას, ზოგადად, ჩვენს თავს ბოლო პერიოდში ბევრი რამ ხდება უპრეცედენტო. უპრეცედენტოა ასეთი ზეწოლა, რაც დღეს საქართველოზე ხორციელდება, რაც ჩვენი დამოუკიდებლად არსებობის ისტორიაში, შესაძლოა ასეთი არ ყოფილა. ძალიან ბევრი რამ იცვლება, ძალიან ბევრ რამესთან გვიწევს გამკლავება სხვაგვარად, უპრეცედენტოდ, რაც აქამდე არ ყოფილა. შესაბამისად, ესეც უპრეცედენტო იყო, თუ რა დონეზე დავიყვანეთ ამ სიტუაციაში ამ კონკრეტული ელჩის პერიოდში საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობები. ჩვენთვის ესეც უპრეცედენტო და ძალიან სამწუხაროა.

ელჩის პირველი ფუნქცია არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ხელშეწყობა. რაც არ უნდა მძიმე იყოს ურთიერთობები, ელჩის მთავარი მოვალეობა არის ის, რომ ყველაზე მძიმე მოცემულობაში მონახოს გზები, როგორღაც გაამარტივოს კომუნიკაცია. ეს არის დიპლომატის მთავარი ფუნქცია. როდესაც დიპლომატი მოწადინებულია, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო უარესი გახადოს, თუ არის რაღაც მოცემულობა, რომ არ არის მაინც და მაინც სასურველ მდგომარეობაში ურთიერთობა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მძიმეა ამ შედეგებთან გამკლავება. ამ შემთხვევაში, ჩვენ გვქონდა რეალობა, რომ კონკრეტულმა ელჩმა, იმის ნაცვლად, რომ რაღაც შეემსუბუქებინა, პირიქით, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები დამძიმებულიყო. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს აგერ უკვე ერთი წელია ელჩი არ ჰყავს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ამას მათ ვერ დავაბრალებთ, ამას გარკვეული დრო სჭირდება. ჩვენთვის პრიორიტეტული იყო, რომ გერმანიაში ელჩი გვყოლოდა და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს პროცესი დასრულებულიყო და დასრულდა. უახლოეს დღეებში, საქართველოს ელჩი გაემგზავრება ბერლინში და ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ გერმანულ მხარესთან ელჩის დონეზე გვქონდეს კომუნიკაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.