ელჩებთან შეხვედრაზე გვკითხეს, ახალი არჩევნები რომ დანიშნოს „ოცნებამ“, უკეთეს ფორმაში თუ ხართო - თამარ ჩერგოლეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილი

გუშინ ელჩებთან შეხვედრაზე გვკითხეს, ახალი არჩევნები რომ დანიშნოს „ოცნებამ“, უკეთეს ფორმაში თუ ხართო. ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი, რომელიც გაფართოებაზეა მიმართული, ოპოზიციას ამყოფებს უკეთეს ფორმაში, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, ზურაბიშვილის პროცესი განსხვავდება ყველა წინა პროცესისგან, რომელიც რომელიმე ბელადის ან დონორის ეგოს უტრიალებდა და გაფართოებად ძალებს პროცესიდან აგდებდა.

„სალომე ზურაბიშვილის პროექტი არის ასეთი – ქვემოდან ზემოთ პროცესი, რომელიც არსებულ შეთანხმებებზე აგებს პროცესს და ზემოდან თავს არაფერს ახვევს, სახალხო პროტესტის ამოცანებიდან ამოდის ზემოთ, და არა ლიდერების ამოცანებიდან – ქვემოთ.

ამასთან, ის ღიაა ყველასთვის, ვინც ამ სულისკვეთებას იზიარებს და პროცესის წარმატებაზე პასუხისმგებლობის აღება შეუძლია.

ესაა ზურაბიშვილის პროცესის განსხვავება ყველა წინა პროცესთან, რომელიც რომელიმე ბელადის ან დონორის ეგოს უტრიალებდა, შეკუმშვაზე იყო მიმართული და გაფართოებად ძალებს პროცესიდან აგდებდა.

როგორ შეიძლებოდა გაემარჯვა პროცესს, სადაც ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, რომელიც თალსაჩინოდ, ყველასთვის დასანახად იზრდებოდა და ფართოვდებოდა, ადგილი ვერ იპოვა?

ეს ფიზიკურად, ინჟინრულად შეუძლებელია.

ფართო უგებს ვიწროს ამ საქმეში.

თუ პროცესის მონაწილე ელემენტებს გაფართოების პოტენციალი აქვთ, პროცესი ფართოვდება, თუ არ აქვთ, სტატიკურიც არ რჩება – ვიწროვდება, იმიტომ რომ ველოსიპედის პრინციპია – თუ არ მიდიხარ, ეცემი“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.