რას წერს ბრიტანული გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას ცოლზე, ნიცა თავაძეზე
1793124352
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის განხილვისას, მისი დაჩქარებული წესით მიღების მიზანშეწონილობაზე ისაუბრა.
დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა ამ ღონისძიებების შესაძლო სოციალურ გავლენაზე, ტურნირების ჩატარების ადგილის განსაზღვრის საკითხსა და რეკლამირების შეზღუდვების გამკაცრების აუცილებლობაზე.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ კანონპროექტში კონკრეტულად უნდა განისაზღვროს ტურნირების ჩატარების ლოკაცია, რათა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სამორინის მოწყობაზე ნებართვა შეიძლება გაიცეს ობიექტის გარეთაც, არ დარჩეს ზოგადი და არ დაუშვას მისი არაერთგვაროვანი ინტერპრეტაცია.
„ვეთანხმები ჩემს თანაგუნდელებს და ვფიქრობ, რომ ამ კანონის დაჩქარებული წესით მიღება ცოტა არ იყოს გაურკვეველია. კანონპროექტის განმარტებით ნაწილში არ გაქვთ მითითებული ის სოციალური ფასი, რაც შეიძლება ამ კანონპროექტის მიღებამ გამოიწვიოს. ჩვენ ვსაუბრობთ იმ საკითხზე, რომ ამ კანონპროექტმა შესაძლოა გამოიწვიოს ამ თამაშების არასასურველი პოპულარიზაცია, რომლებიც, როგორც ვიცით, საზოგადოებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემაა. ამ პრობლემის რეგულირებისა და შეზღუდვის მიზნით წინა მოწვევის პარლამენტში შესაბამისი კანონი მივიღეთ. ახლა ხომ არ ხდება ამ კანონმდებლობის შერბილება?
და ასევე, კანონპროექტის სხვადასხვა მუხლში აღნიშნულია, რომ ტურნირის ორგანიზატორმა დაწვრილებით უნდა აღწეროს და შეიმუშაოს დებულება მისი ჩატარების წესების შესახებ. ასევე, აღნიშნულია, რომ სამორინის მოწყობაზე ნებართვა გაიცემა ობიექტზე, რომელიც ისედაც არსებობს, ან მის გარეთ. ჩანაწერი „მის გარეთ“ ძალიან ზოგადია და დაზუსტებასა და დაკონკრეტებას მოითხოვს, რადგან „გარეთ“ შეიძლება იყოს სასწავლო დაწესებულება - სკოლა, ბაღი ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. დარწმუნებული ვარ, რომ კანონპროექტის ავტორები ამას არ გულისხმობენ, მაგრამ, ალბათ, კარგი იქნება, თუ კანონში ეს საკითხი აუცილებლად დაზუსტდება,”- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ეკა სეფაშვილის განცხადებით, კანონპროექტის განმარტებით ნაწილში არ არის მითითებული, რა სოციალური შედეგები შეიძლება მოჰყვეს მის მიღებას. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ისეთი თამაშების არასასურველი პოპულარიზაცია, რომლებიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სოციალურ პრობლემას წარმოადგენს.
„ვფიქრობ, ჩანაწერი უნდა დაზუსტდეს და საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობისთვის განისაზღვროს ტურნირში მონაწილეთა სრული რაოდენობის არაუმეტეს 10%-ისა. ეს იქნება მისაღები.
თქვენ აღნიშნეთ, რომ ლიცენზიის გამცემი არეგულირებს ლოკაციას. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ეს ნაწილი კანონპროექტში დაზუსტდება.
ასევე, ვფიქრობ, კანონპროექტი გამკაცრების მიმართულებით უნდა შეიცვალოს და დაზუსტდეს, რომ დაუშვებელია ასეთი, თუნდაც სპორტულად აღქმული ღონისძიების რეკლამირება. ეს მაინც აზარტული თამაშებია და, ასე თუ ისე, დამოკიდებულებას იწვევს. ვფიქრობ, კარგი იქნება მისი სოციალური გავლენის კომპონენტის შესახებ კვლევის ჩატარება, ვინაიდან ეს აზარტული თამაშებია და არა მხოლოდ სპორტული თემა”- დასძინა ეკა სეფაშვილმა.
ეკა სეფაშვილის კითხვებს შოთა ბერეკაშვილმა უპასუხა და განმარტა, რომ ტურნირების ჩატარების ადგილს ნებართვის გამცემი ორგანო განსაზღვრავს და საუბარია მაღალი კლასის სასტუმროებში გამართულ ღონისძიებებზე. ბერეკაშვილის თქმით, მსგავსი ღონისძიებები ევროპის ბევრ ქვეყანაშიც არის დაშვებული და ისინი კლასიკური ტიპის აზარტული თამაშებისგან განსხვავდება, რადგან მათში ინდუსტრიაში მოღვაწე პირები მონაწილეობენ.
რაც შეეხება რეკლამირებას, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, ტურნირებზე სათამაშო ბიზნესისთვის მოქმედი შეზღუდვები გავრცელდება.
„ამ ღონისძიებაზეც ზუსტად ანალოგიური შეზღუდვები გავრცელდება, რაც სათამაშო ბიზნესზე მოქმედებს. ისეთივე მკაცრი შეზღუდვები იქნება, როგორიც სამორინეებისა და სხვა აზარტული თამაშების მიმართულებით არსებობს“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.