ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელიც დასავლეთისგან საქართველოს იმ თითოეულ მოქალაქეს აქვს, რომელსაც საქართველოში ევროპული მომავალი და დემოკრატია სურს - თეონა აქუბარდია

თეონა აქუბარდია

სწორედ დასავლეთი, ევროპული ოჯახია ჩვენი არჩევანი. მუშაობას გავაგრძელებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ისე როგორც აქამდე ვმუშაობდით - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიას განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის სამართლებრივი საქმიანობის ნაწილი საჯარო მოხელეების სამართლებრივი დაცვა იქნება.

„მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ყველა საჯარო მოხელეს, რომლებიც დღეს დგანან საქართველოს კონსტიტუციის სადარაჯოზე. გრძელდება საჯარო მოხელეების წინააღმდეგობა და კონსტიტუციის დაცვა. გუშინდელი განცხადებები სწორედ კონსტიტუციის დაცვას ემსახურებოდა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საჯარო მოხელეების კანონიერი უფლებები არ დაარღვიოს უზურპატორმა ხელისუფლებამ. სწორედ ამიტომ საჯარო მოხელეების სამართლებრივი დაცვა იქნება ჩვენი მნიშვნელოვანი სამართლებრივი საქმიანობის ნაწილი, რაც დაწყებული გვაქვს უკვე. ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელიც დასავლეთისგან საქართველოს იმ თითოეულ მოქალაქეს აქვს, რომელსაც საქართველოში ევროპული მომავალი და დემოკრატია სურს. დასავლეთი ძალიან მკაფიოდ ხედავს იმ ავტორიტარული მეთოდების გამოყენებას, რომელიც კიდევ უფრო დამძიმდა გუშინდელი მოვლენების შემდგომ, რაც ბინებში დაიწყეს შევარდნა და არასრულწლოვანების თანდასწრებით დაიწყეს აბსოლუტურად უკანონოდ ჩხრეკა. შესაბამისად, ის სანქციების განაცხადი, რომელიც ჩვენ აშშ-ის მხრიდან მოვისმინეთ, არის კიდევ ერთი უტყუარი მხარდაჭერა იმის, რომ საქართველოს მოქალაქეებს დასავლეთი გვერდში უდგას. სწორედ დასავლეთი, ევროპული ოჯახია ჩვენი არჩევანი. მუშაობას გავაგრძელებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ისე როგორც აქამდე ვმუშაობდით იმისთვის, რომ სანქციები ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმსა და იმ დამნაშავეებს შეეხოთ, რომლებიც თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ სისტემურად უხეშ ძალას იყენებდნენ. ძალიან გამიჭირდება, რომ მე მას საპოლიციო ძალა დავარქვა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არა საქართველოს მოქალაქეები, არამედ სწორედ ივანიშვილის რეჟიმი იყოს დასჯილი. ეს იქნება ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანა იმ მუშაობის, რომელიც საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში დაბრუნებას გულისხმობს“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.