ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, მათ მოუწევთ ამ ყველაფერზე პასუხების გაცემა - ლევან მაჭავარიანი „ლელოს“ ლიდერებზე

ლევან მაჭავარიანი

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, პარტია „ლელოს“ ლიდერები ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან.

მისი განმარტებით, ჯაფარიძე და ხაზარაძე პასუხისმგებლობას მაინც ვერ გაექცევიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდნენ, რაც თავის მხრივ კანონდარღვევაა.

„ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. ისინი თავად არ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაზე, რაც, რა თქმა უნდა, კანონის დარღვევაა. ისინი მაინც ვერ გაექცევიან იმ პასუხისმგებლობას, რა ტიპის ბრალდებებიც მათ მიმართ იყო თვითონ დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. მოვისმინეთ ერთ-ერთი ბიზნესმენის ძალიან მძიმე ისტორია, თუ როგორ გადააფორმებინეს მას ბიზნესი, როგორ აწამებდნენ, როგორ მოხდა ეს ყველაფერი „თიბისის“ ჩართულობით. არის კიდევ უამრავი გახმაურებული საქმე. მათ მოუწევთ ამ ყველაფერზე პასუხების გაცემა. თუ ისინი დარწმუნებულები არიან საკუთარ სიმართლეში, მაშინ რა თქმა უნდა მივიდოდნენ ამ კომისიაზე, მაშინ ჩვენება თავიანთ საწინააღმდეგოდ უნდა მიეცათ, ვინაიდან იქ მათ ტყუილს არავინ აპატიებდა“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.