დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკებები დღეს განახლდება

დონალდ ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები დღეს განახლდება.

„მათ იცოდნენ, რა მასშტაბის თავდასხმა იგეგმებოდა, რადგან ხედავდნენ, როგორ მიმდინარეობდა მზადება. ახლა კი მათთან მოლაპარაკებების ფორმატში ვსაუბრობთ. ეს შუადღის შემდეგ დაიწყება და ვნახოთ, რა შედეგი იქნება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისივე თქმით, დაგეგმილი თავდასხმის გაუქმება მას ისეთმა მოკავშირეებმა სთხოვეს, როგორებიც არიან საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი და თავად ირანი.

„ჩვენ ყველაფერი მზად გვქონდა ოპერაციის დასაწყებად, მაგრამ როდესაც მოკავშირეებმა მისი გაუქმება გვთხოვეს, ვთქვით: „კარგი, ვნახოთ“. მიზეზი, რის გამოც ეს გვთხოვეს, ის არის, რომ მათ მიაჩნიათ, შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. ჰორმუზის საკითხზე შეთანხმება არსებობს, შემდეგ კი იქნება შეთანხმება ბირთვულ საკითხზე, ან როგორც შეიძლება, ამას ვუწოდოთ, ირანის დენუკლეარიზაციაზე. მე ამას ირანის დენუკლეარიზაციას ვუწოდებ“, – აღნიშნა ტრამპმა.

„სიენენის“ ინფორმაციით, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც აშშ-ის პრეზიდენტს რეგიონში ომის დეესკალაციისკენ მოუწოდა.

ამასთან, ირანის სახელმწიფო მედიამ უარყო ინფორმაცია, რომ ირანმა ტრამპს დაგეგმილი თავდასხმების შეჩერება სთხოვა.