დიპლომატიურ კორპუსთან დაკავშირებით ზურაბიშვილის დამოკიდებულება ცნობილია, ის დაასრულებს თავის პოზიციაზე ყოფნას და მისთვის არასახარბიელოდ ჩაბარდება ისტორიას - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

სალომე ზურაბიშვილი დაასრულებს თავის პოზიციაზე ყოფნას და მისთვის არასახარბიელოდ ჩაბარდება საქართველოს ისტორიას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს ელჩებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს: „ისტორია არ დაგივიწყებთ და სულხან საბას კი მოეშვით! მისი ხსენება ვერ გიშველით და მის სახელს ჩრდილს უყენებთ!“

პაპუაშვილის თქმით, დიპლომატიურ კორპუსთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება დიდი ხანია, ცნობილია.

„მგონი, აღარ არის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებას რაიმე დატვირთვა აღარ აქვს. სულ უფრო მცირდება  ის პარასკევები, რომლებიც მას აქვს დარჩენილი ამ თანამდებობაზე. მგონი, უბრალოდ მშვიდად უნდა მივიყვანოთ ეს საკითხი ბოლომდე და ღირსეული ახალი პრეზიდენტი ავირჩიოთ. დიპლომატიურ კორპუსთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება დიდი ხანია, ცნობილია, მათ შორის როცა ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი. მოიკითხეთ, რა ჩაატარა მაშინ მან, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა – დაწყებული ფავორიტიზმით და სხვა ასეთი მავნე პროცესებით, რაც მაშინ დაიწყო სალომე ზურაბიშვილმა, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაგრძელებული იმით, რომ დიდი ხანია, უარს ამბობს ელჩების დანიშვნაზე, არღვევს კონსტიტუციას. ამიტომ, რა უნდა ვთქვა ახლა? სალომე ზურაბიშვილი დაასრულებს თავის პოზიციაზე ყოფნას და მისთვის სამწუხაროდ, არასახარბიელოდ ჩაბარდება საქართველოს ისტორიას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.