„დიდი უხერხულობები აქვთ შექმნილი და ეს კიდევ უფრო დამძიმდება. ბოლო მომენტამდე ხომ არ შეიმჩნევენ, პოკერს გვეთამაშებიან, საშინელი კარტი უჭირავთ ხელში“ - თამარ ჩერგოლეიშვილი სანქციებზე

თამარ ჩერგოლეიშვილი

"ფედერალისტების" ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, სანქციების გამო ხელისუფლების წარმომადგენლებს ძალიან დიდ უხერხულობები აქვთ შექმნილი და ეს კიდევ უფრო დამძიმდება.

როგორც ჩერგოლეიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, ის, რომ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს სანქცია ადევს ბიძინა ივანიშვილს, "ქართული ოცნების" ამომრჩევლისთვის ნიშნავს იმას, რომ მან თავი ვერ დაიცვა.

"ძალიან დიდ უხერხულობები აქვთ შექმნილი და ეს კიდევ უფრო დამძიმდება. ბოლო მომენტამდე ხომ არ შეიმჩნევენ, რომ თავს უხერხულად გრძნობენ. პოკერს გვეთამაშებიან. საშინელი კარტი უჭირავთ ხელში და თავზე ხელაღებულები, ვითომ ფეხზე ჰკიდიათ ისე აწვებიან - არაფერი ფეხზე არ ჰკიდიათ. ის, რომ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს სანქცია ადევს ბიძინა ივანიშვილს შუბლზე, "ქართული ოცნების" ამომრჩევლისთვის ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავი ვერ დაიცვა. საკუთარი თავი ვერ დაიცვა და "ქართული ოცნების" რეჟიმის საყრდენები როგორ უნდა დაიცვას?! რეალურად, ჩვენ ვხედავთ იმ ვითარებას, როდესაც მთლიანად იზოლირებულია თავისუფალი სამყაროსგან. ამერიკული სანქცია რომ ადევს ქვეყნის დე ფაქტო მმართველს, ეს სიგნალია არა მარტო დასავლური სახელმწიფოებისთვის, არამედ არაბეთისთვის, ისრაელისთვის და ა.შ. ეს იმაში გამოიხატება, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არსებულ მთავრობასთან ურთიერთობა დაასრულა. როდესაც პარტნიორი ქვეყანა სანქციას ადებს ქვეყნის მმართველს, ის ურთიერთობა დასრულებულია. ამერიკის არამეგობრებთან ასე ურთიერთობის გაბმა, ანტიამერიკულ რეჟიმებსაც კი არ უნდათ, რადგან ეს სიგნალია ყველასთვის", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.