"დღის წესრიგში დგას ერთადერთი საკითხი, რომელიც ახლა იხილება სტრასბურგში - შეისმენს თუ არა "ქართული ოცნება" ქართველი ხალხის ხმას" - ანა ნაცვლიშვილი

ანა ნაცვლიშვილი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს შესახებ დებატებს 10 აპრილს გამართავს. განხილვა დღეს იგეგმებოდა, თუმცა ხუთშაბათისთვის გადაიდო. დღის წესრიგშია 29 იანვარს მიღებული რეზოლუცია, რომელშიც საუბარია საქართველოს დელეგაციის მანდატების კონკრეტული პირობებით აღიარებაზე, მათ შორის ახალი საპარლამენტო არჩევნების ორგანიზებაზე.

ამ რეზოლუციის მიღების შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ ასამბლეაში მუშაობას წყვეტს. სტრასბურგში დაგეგმილ განხილვაზე სოციალურ ქსელში დაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ - " სამწუხაროა, რომ სააკაშვილის მფარველი პოლიტიკური ჯგუფები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას უკვე რა ხანია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად იყენებენ" - აცხადებს სპიკერი.

ოპოზიციაში მმართველი გუნდის ნაბიჯებს აკრიტიკებენ.

"PACE-ის მხრიდან მოთხოვნილი იქნა მართლაც ელემენტარული, რომ ნუ სცემთ ახალგაზრდა ბავშვებს და ის რაღაც სადამსჯელო კანონები რაც გაქვთ - გააუქმეთ და დანიშნეთ ამ კრიზისის განსამუხტად ახალი არჩევნებიო. ამის გამო გამოვიდნენ მერე თვითონ, გააკეთეს განცხადება, რომ ჩვენ ამ ურთიერთობას ვაჩერებთო. ეს ნორმალურია ახლა, რაში ჯდება?", - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ბუჩუკური.

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ დღის წესრიგში ახლა ერთადერთი საკითხი დგას, რომელიც სტრასბურგში იხილება, შეისმენს თუ არა "ქართული ოცნება" ქართველი ხალხის ხმას.

"დღის წესრიგში დგას ერთადერთი საკითხი, რომელიც ახლა იხილება სტრასბურგში - შეისმენს თუ არა "ქართული ოცნება" ქართველი ხალხის ხმას. ახალ, სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს და პოლიტიკური ტყვეების უპირობო გათავისუფლებას ქართველი ხალხი ითხოვს უწყვეტი პროტესტით“, - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.