"დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია წვავს შუა დერეფნის ხიდს, რომლის მთავარი ნაწილი არის საქართველო. აი, ესაა, რასაც უკეთებენ საკუთარ თავს" - შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასს და ზოგიერთ ბიუროკრატს, არ აინტერესებთ, რა ზიანი მიადგება ევროკავშირს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, კაია კალასს საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ კონფრონტაციული დამოკიდებულება აქვს. პარლამენტის თავმჯდომარე იხსენებს კალასის ესტონეთის პრემიერმინისტრობის პერიოდს, როდესაც საკუთარი მინისტრი "საქართველოში მიტინგებში მონაწილეობის მისაღებად გამოუშვა".

"საქმე ის არის, რომ ქალბატონ კალასს და ზოგიერთ ბიუროკრატს არ აინტერესებს, როგორ ზიანდება ევროკავშირი. მათ აქვთ საკუთარი წარმოდგენა, საკუთარი გეგმა და მიზნები და ასე მუშაობენ. შეგახსენებთ, ქალბატონი კალასის პრემიერ-მინისტრობის დროს ესტონეთში, მან საკუთარი მინისტრი საქართველოში გამოუშვა აქ მიტინგებში მონაწილეობის მისაღებად. ანტისამთავრობო მიტინგებში, მან ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა გამოუშვა საკუთარი მინისტრი და მან მიტინგებში მიიღო მონაწილეობა.

რა უნდა ავუხსნათ? ახლა მას აქვს საკუთარი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, სამწუხაროდ, ეს არის კონფრონტაციული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ქართველი ხალხის მიმართ და აქედან გამომდინარე უყურებს ყველაფერს - არ აინტერესებს, რა გაფუჭდება და რა გაკეთდება.

მარტივად რომ შევხედოთ საკითხს, თუკი ვსაუბრობთ ჩვენ შუა დერეფანზე და დაკავშირებადობაზე, რომ წარმოვიდგინოთ რაღაც ერთმანეთთან აკავშირებს ევროპას და აზიას, საქართველო არის ეს ხიდი. როდესაც საქართველოს ებრძვის ახლა ბრიუსელის ბიუროკრატია, ის ცდილობს ამ ხიდის დაწვას. და ახლა აქედან დასკვნა გამოვიტანოთ, რამდენად სერიოზულად შეგვიძლია განვიხილოთ ბრიუსელის ის ბიუროკრატები, რომლებიც მათთვის სასარგებლო ხიდს წვავენ. დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია წვავს შუა დერეფნის ხიდს, რომლის მთავარი ნაწილი არის საქართველო. აი, ეს არის რასაც უკეთებენ საკუთარ თავს. ასე რომ, აქ პრობლემა ხიდში არ არის, პრობლემა არის იმ ნაპირში, რომელიც ახლა ცდილობს, რომ თავისი მხრიდან დაწვას ეს ხიდი. ხიდები რომ დაიწვება, ისინი დაზიანდებიან. ევროკავშირი ჩვენ არაფერთან არ გვაკავშირებს. ჩვენ ვაკავშირებთ ევროკავშირს აზიასთან. ჩვენ ვაკავშირებთ, ის არ გვაკავშირებს არავისთან, ჩვენ ვაკავშირებთ აზიასთან. ასე, რომ როდესაც საკუთარ ხიდებს წვავენ აზიასთან, მერე რომ დაზიანდებიან, მერე რომ გაზი გაძვირდება მათთან და ცხოვრების დონე გაძვირდება და ეკონომიკური ზრდა რომ დაიწევს, მერე აბრალონ, რუსეთმა... სადამდე უნდა აბრალონ რუსეთს, დღეს ვხედავთ, რომ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ. იმიტომ, რომ წვავენ ხიდებს, რომელიც მათ ეკონომიკურად აკავშირებს სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალთან", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

✕