1756145280
დავით ქართველიშვილი ვაშინგტონის შეხვედრაზე: ვერ შედგა პრეზიდენტ ზელენსკის დაყოლიება იმაზე, რომ მას მოუწევდა ტერიტორიული დათმობები რუსეთის წინაშე, რადგან ამის უკან იდგა დანარჩენი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები

ძალიან ბევრი რამ იქნებოდა განხილული ალიასკას შეხვედრაზე, მაგრამ პუტინის წითელი ხაზები უკრაინასთან ომთან და კონფლიქტთან დაკავშირებით გადის, რა თქმა უნდა, ყირიმზე და იმ ოთხ ანექსირებულ, უკრაინულ რეგიონზე, რომელიც საკონსტიტუციო დონეზე რუსეთმა შეიყვანა საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, რომელმაც ალიასკასა და ვაშინგტონის შეხვედრები შეაჯამა.
მისივე თქმით, ზემოთ აღნიშნულის გამო, მოსალოდნელი იყო, რომ ჩიხში შევიდოდა ალიასკას სამიტის შეხვედრის სწორედ ეს ნაწილი.
„ძალიან ბევრი რამ იქნებოდა განხილული შეხვედრაზე, მაგრამ პუტინის წითელი ხაზები უკრაინასთან ომთან და ამ კონფლიქტთან დაკავშირებით გადის, რა თქმა უნდა, ყირიმზე და იმ ოთხ ანექსირებულ, უკრაინულ რეგიონზე, რომელიც საკონსტიტუციო დონეზე რუსეთმა შეიყვანა საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში და რაც, გასაგები მიზეზების გამო, მიუღებელია ვლადიმერ ზელენსკისთვის. ამიტომ, ჩიხში შევიდოდა ალიასკას სამიტის ზუსტად ეს ნაწილი - ვაშინგტონის სამიტის დროს, როდესაც დონალდ ტრამპი ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს შეხვდა.
ვერ შედგა პრეზიდენტ ზელენსკის დაყოლიება იმაზე, რომ მას მოუწევდა ტერიტორიული დათმობები რუსეთის წინაშე, რადგან ამის უკან იდგა დანარჩენი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, ძალიან საინტერესო ფორმით, საინტერესო კომპონენტით, რომელსაც უზრუნველყოფდნენ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის შეიარაღებული ძალები და თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან საინტერესო რეაქცია ჰქონდა ამაზე პრეზიდენტ პუტინს, რომელიც ფაქტობრივად, ნატოს შეიარაღებული საერთაშორისო კონტიგენტის განლაგებას დათანხმდა უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. თუმცა, იყო მნიშვნელოვანი დათქმა, რომ ამ სამეულს შეუერთდებოდა ჩინეთის სამხედრო კომპონენტი - ქვეყნის, რომელიც ინარჩუნებდა თითქმის, მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში ნეიტრალურ პოზიციას; რომელიც ცდილობდა შუამდგომლის როლი ეთამაშა უკრაინასა და რუსეთს შორის, მაგრამ იგნორირებული იყო მისი ყოველი ეს მცდელობა და ახლა იქნებოდა ძალიან კარგი, ხელსაყრელი მომენტი, როდესაც ჩინეთი ფაქტობრივად, დააბალანსებდა ნატოს იმ კონტიგენტს, რომლის ჩინეთის გარეშე განლაგება უკრაინაში, რა თქმა უნდა, პუტინისთვის მიუღებელი იქნებოდა“, - განაცხადა ქართველიშვილმა.