დავით მათიკაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ვერანაირი არგუმენტირებული პასუხი ვერ ექნებათ ანტიკონსტიტუციური პარტიის წარმომადგენლებს, შეეცდებიან ლოგიკისგან აცდენილი და ფაქტობრივი გარემოებებისგან დაცლილი პასუხებით თავის დაძვრენას, რასაც ვერ შეძლებენ

დავით მათიკაშვილი

ორშაბათიდან საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გააგრძელებს. 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. მოსამართლეთა პლენუმი კითხვებს მოპასუხე და მოსარჩელე მხარეებს დაუსვამს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში, კითხვა-პასუხის რეჟიმში ოპოზიციური პარტიების ქმედების ანტიკონსტიტუციური სახე კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთება.

მისივე თქმით, პარტიები თავის დაძვრენას შეეცდებიან, თუმცა ამას ვერ შეძლებენ:

"სააშკარაოზე გამოდის ხუთი არაკონსტიტუციური პარტიის არაკონსტიტუციური შინაარსი, მათი დანაშაულების კასკადი, რომელიც მათ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი კონსტიტუციის, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ჩაიდინეს. ამიტომ, კითხვა-პასუხის რეჟიმში ამ პარტიების ქმედების ანტიკონსტიტუციური სახე კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთება.

ვერანაირი არგუმენტირებული პასუხი ვერ ექნებათ ანტიკონსტიტუციური პარტიის წარმომადგენლებს იმ კითხვებზე, რომელიც ექნება მოსარჩელე მხარეს, და პირიქით, იქნება პროცესის გაწელვის მცდელობა.

შინაარსობრივად არასრული, ლოგიკისგან აცდენილი და ფაქტობრივი გარემოებებისგან დაცლილი პასუხებით ისინი შეეცდებიან თავის დაძვრენას ამ მოცემულობისგან, რასაც ბუნებრივია, ვერ შეძლებენ,"- აცხადებს დავით მათიკაშვილი.

მმართველი პარტია - "ნაციონალური მოძრაობის", "დროას", "ახალის", "ლელოს" და გახარიას პარტიის აკრძალვას მოითხოვს. სარჩელში წარმოდგენილია დასაბუთებული არგუმენტაცია, კონკრეტული მტკიცებულებები და მაგალითები, რაც საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, პარტიების არაკონსტიტუციურობას მოწმობს.

"ქართული ოცნების" განცხადებით, ეს პარტიები წლების განმავლობაში სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობას ეწეოდნენ, რის გამოც ახლა აუცილებელია, რომ ისინი არაკონსტიტუციურად გამოცხადდნენ.

✕